ნათია თურნავა SWIFT-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს SIBOS-ის ყოველწლიურ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც SWIFT-ის მიერ არის ორგანიზებული და აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში გლობალური ფინანსური სექტორის ლიდერები გადახდების, ფასიანი ქაღალდების, ფინტექის, ფინანსური ხელმისაწვდომობის, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელებენ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რეგულატორების პანელური დისკუსიის - The View from the Top - მთავარი მომხსენებელი იქნება და გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის ფონზე საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ფინანსური სერვისების განვითარებაში ცენტრალური ბანკების როლზე ისაუბრებს. ნათია თურნავა კონფერენციის მონაწილეებს ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობისა და რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილებას გაუზიარებს.
კონფერენციის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი და დელეგაციის წევრები ფრანკფურტის საფონდო ბირჟას ეწვევიან და სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე Deutsche Borse Group-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, კომერციულ ბანკებთან და წამყვან კომპანიებთან. მათ შორის, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს SWIFT-თან, Murex-თან, Nasdaq Calypso-თან, ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის(CIPS) პრეზიდენტთან, ჩინეთის სამშენებლო ბანკის წარმომადგენლებთან და სხვა წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც ფინანსური ბაზრებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით ლიდერობენ.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე და საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე.
საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს - SIBOS-ს არსებობის 47-წლიანი ისტორია აქვს. ფორუმში ყოველწლიურად ფინანსური ეკოსისტემის ათასობით ბიზნეს ლიდერი, გადაწყვეტილების მიმღები და თემატური ექსპერტი მონაწილეობს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.