ნათია თურნავამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტივობების სისტემური გაანალიზება და საკუთარი უფლებების დაცვის არსებული მექანიზმების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაა. ღონისძიება როგორც არსებული სტანდარტებისა და განხორციელებული რეფორმების შეფასებას, ისე სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას ემსახურება, რაც მათ შორის, ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მომხმარებლების უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.
სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის როლსა და ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ეროვნული ბანკისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რადგან ფინანსურად მდგრადი და დაცული მომხმარებელი ფინანსური სექტორის სიჯანსაღისა და ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს.
„ფინანსურად მდგრადი და დაცული მომხმარებელი ფინანსური სექტორის სიჯანსაღისა და ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა და ამ მიმართულებით მუდმივად ვმუშაობთ, რათა საფინანსო სექტორის გარემო კიდევ უფრო მეტად იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება 2025 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე გაამახვილა. მისი თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მარეგულირებელი ჩარჩოს გარკვეული მოთხოვნები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზეც გავრცელდა, რის საფუძველზეც ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ და დაამუშაონ მომხმარებელთა პრეტენზიები და დადგენილ ვადებში უპასუხონ მათ. ამასთან, აღნიშნული პრეტენზიების შესახებ ანგარიშგება ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად ეგზავნება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი მათ სისტემურ და ინდივიდუალურ დონეზე სწავლობს.
ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნულ ბანკთან მოქმედ დავების განმხილველ კომისიაზეც ისაუბრა, რომელიც საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ მომხმარებელთა დავებს განიხილავს. მისი თქმით, კომისიის საქმიანობის ორი წლის განმავლობაში მას 162-მა მომხმარებელმა მიმართა, საიდანაც 113 საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო დასრულებული საქმეების დიდი ნაწილი, დაახლოებით 80%, მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა. პროვაიდერების მიერ მომხმარებლებისთვის უკვე ანაზღაურებულმა თანხამ 400 000 ლარს გადააჭარბა.
„კომისია მომხმარებლებისთვის დავის განხილვის სწრაფ, ეფექტურ და უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მარტივად დაიცვას თავისი უფლება იმ შემთხვევებში, როდესაც მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა არაავტორიზებულ ოპერაციას, არასწორად შესრულებულ ტრანზაქციას ან სხვა ტიპის დარღვევას. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ჰქონდეს სამართლიანი და ხელმისაწვდომი მექანიზმი საკუთარი უფლებების დასაცავად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსური განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, მომხმარებელთა ეფექტიანი დაცვა მხოლოდ რეგულაციებით არ შემოიფარგლება და დიდწილად საზოგადოების ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული.
აღნიშნული მიმართულებით ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების პროგრამებს აქტიურად ახორციელებს და ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ ასრულებს, რომელიც მოქალაქეებს ფინანსურ საკითხებზე მარტივ, ობიექტურ და არაკომერციულ ინფორმაციას აწვდის.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა, ამავე დეპარტამენტის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ნათია ჭყონიამ.
9-16 მარტს თბილისში, გარდაბანში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული გაიმართება. მასშტაბური ღონისძიება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.