ნათია თურნავამ სომხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სომხეთის ცენტრალური ბანკისა და „ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტის" (RBWC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე - „ცენტრალური ბანკების წინაშე არსებული გამოწვევები მზარდად ფრაგმენტირებულ საერთაშორისო მონეტარულ სისტემაში". დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობაზე, ინფლაციის მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ასევე გეოპოლიტიკური რისკებისა და მზარდი გლობალური გაურკვევლობის გავლენაზე მონეტარულ პოლიტიკაზე.
როგორც სიტყვით გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ ბოლო წლებში შეძლო როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდის, ისე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ შეძლო ფასების სტაბილურობისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. ამ შედეგს საფუძვლად დაედო როგორც ეროვნული ბანკის ფრთხილი და წინმსწრები მონეტარული პოლიტიკა, ისე პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა. სწორედ ასეთი კოორდინაცია ქმნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის, მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და ინვესტორთა ნდობის განმტკიცების საფუძველს", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ამასთან ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განხორციელების პროცესში სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას, რაც ზრდის გადაწყვეტილებების პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას და რისკების უკეთ შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ინფლაციის თანამედროვე გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ ცენტრალურ ბანკებს სულ უფრო ხშირად უწევთ ისეთი შოკების პირობებში მუშაობა, რომლებიც ერთდროულად მოქმედებს როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხარეზე.
„ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტის" საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ასევე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების ექსპერტები.
სხვა სიახლეები
ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
05.06.2026.17:19
გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ დირექტორებს - დაისუკე მიაზაკისა და მორვენ ჯოუნს, ასევე აღმასრულებელ დირექტორებს - ანვაი ბორვანკარსდა საორი ტანაკას.
ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.
ფინანსთა მინისტრმა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.