ნათია თურნავამ სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მმართველთა დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორის ჯიჰად აზურის მიწვევით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - „მმართველთა საუბრები“ (Governor Talks) მიიღო მონაწილეობა.
დისკუსია სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში იმართება და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით წარმატებული გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. მასში ყოველწლიურად მსოფლიოს ხუთი რეგიონიდან შერჩეული წარმომადგენლები მონაწილეობენ, სესიებს კი სსფ-ის რეგიონული დეპარტამენტების დირექტორები უძღვებიან. წელს „მმართველთა საუბრები“ საქართველოს გარდა, კიდევ ოთხი ქვეყნის - საფრანგეთის, სამხრეთ კორეის, ვენესუელისა და რუანდის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებთან გაიმართა.
სებ-ის პრეზიდენტთან სესიას, სახელწოდებით „ცენტრალური ბანკების როლი ცვალებად სამყაროში - პერსპექტივები საქართველოს ეროვნული ბანკისგან“ მოდერაციას უწევდა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური.
დისკუსიის ერთ-ერთი მთავრი საკითხი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის მართვა და ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება იყო ძლიერი, თანმიმდევრული შოკების ფონზე, რასაც გამოხატული ინფლაციური გავლენა ჰქონდა ქვეყნების უმეტესობაზე.
ნათია თურნავას თქმით, მთავარი გამოწვევა ასეთ დროს სანდოობის შენარჩუნებაა. შესაბამისად, ინფლაციური მოლოდინების შეკავება ასეთ გაურკვეველ გარემოში ძალიან სანდო და მკაფიო პოლიტიკურ ქმედებებს მოითხოვს.
„ამ თვალსაზრისით, საქართველოს ნამდვილად საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებლები აქვს. ჩვენ მოვახერხეთ ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ყველა საგარეო გამოწვევისა, და გავაძლიერეთ ჩვენი მდგრადობა. ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ინფლაციას მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ვინარჩუნებდით - 2023-2025 წლებში ჩვენი ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 2.5% იყო, რაც 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. ახლაც კი, როდესაც განვიცდით გარე ენერგეტიკული შოკის, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენასა და მასთან დაკავშირებულ საწვავის ფასების ზრდას, რაც მყისიერად გადაეცემა ჩვენს ეკონომიკას (რადგან ენერგომატარებლების იმპორტიორი ქვეყანა ვართ), ჩვენი ინფლაციის ძირითადი მაჩვენებელი მიზნობრივს გადასცდა და 5.6%-ს მიაღწია. თუმცა, ისეთი მნიშვნელოვანი და ინფორმაციული ინდიკატორები, როგორიცაა საბაზო ინფლაცია და მომსახურების ინფლაცია, კვლავ მიზნობრივთან ახლოს რჩება (შესაბამისად 3.5% და 3.7%), რაც მიანიშნებს, რომ ინფლაციური მოლოდინები ჯერ კიდევ მყარად არის შენარჩუნებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, დაბალი ინფლაციის პარალელურად, საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მისი განმარტებით, ძლიერი უნიკალური და ხელსაყრელი კომბინაციაა.
ნათია თურნავას განცხადებით, ზრდის მამოძრავებელი ძალები ძირითადად მაღალპროდუქტიული ინდუსტრიებია, რომლებიც არ ქმნიან ინფლაციურ ზეწოლას შიდა მოთხოვნიდან.
„შესაბამისად, შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ ვიყოთ უფრო პროაქტიულები. ამიტომაც ავირჩიეთ წინმსწრები და ფრთხილი, მზადყოფნის პოზიცია. ასე იყო კოვიდ პანდემიის დროსაც, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სწრაფად მოახდინა რეაგირება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაამკაცრა. მოგვიანებით, ჩვენ კვლავ ვიყავით პირველებს შორის, ვინც შერბილება დაიწყო მას შემდეგ, რაც შოკებმა შესუსტება იწყო. დაბალი ინფლაციის პერიოდშიც კი ვინარჩუნებდით ნეიტრალურზე მაღალ პოლიტიკის განაკვეთს ჩვენს რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური კონფლიქტების ესკალაციის გამო. როდესაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დაიწყო, კარგად ვიყავით მომზადებული, მაგრამ კვლავ წინმსწრები მიდგომა გამოვიყენეთ - 2026 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25%-ით გავზარდეთ, რამაც ფინანსურ ბაზრებს ძალიან ძლიერი სიგნალი მისცა“, - დასძინა ნათია თურნავამ.
მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილებების მიზანი იყო ინფლაციური მოლოდინების სტაბილურად შენარჩუნება და მეორე რაუნდის ეფექტების მაქსიმალური პრევენცია.
„ამ მიდგომის ეფექტიანობას ადასტურებს შედარებით ხისტი ფასების ინფლაციის მაჩვენებლები, რომლებიც სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
სესიის ფარგლებში ნათია თურნავამ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობისა და ძლიერი მმართველობის ჩარჩოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მხოლოდ საკანონმდებლო გარანტიებით არ შემოიფარგლება და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მანდატის ფარგლებში დროული და სანდო გადაწყვეტილებების მიღებას და მისი მთავარი მიზნების უზრუნველყოფას გულისხმობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობასაც. მისი განცხადებით, თანამშრომლობის ფარგლებში გამოვლინდა მმართველობის ჩარჩოს შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები და გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით.
დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა დედოლარიზაცია იყო. ნათია თურნავას განცხადებით, დედოლარიზაციის მდგრადი პროგრესისთვის გადამწყვეტია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაძლიერება. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, ბოლო ათი წლის განმავლობაში დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაცია დაახლოებით 25-30 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
სესიის დასასრულს სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და მის გუნდს ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული შედეგები მიულოცა.
„მსურს, მოგილოცოთ თქვენ და თქვენს გუნდს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში საქმიანობის მიუხედავად, შეძელით მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა ჯიჰად აზურმა.
მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ ეკონომიკური ბუფერების ზრდა საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს ფინანსური სექტორის მოდერნიზაციის, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისა და ფინანსური ინოვაციების დანერგვის მიმართულებით.
ჯიჰად აზურმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკის შედეგები, რომლებმაც, მისი განცხადებით, ყველა პროგნოზს გადააჭარბა. მან ასევე აღნიშნა ეროვნული ბანკის შესაძლებლობა, გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკს, და მაღალი შეფასება მიანიჭა მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.
სხვა სიახლეები
ქართული ღვინის წარდგენა ნიდერლანდების სამეფოში გაიმართა
16.10.2026.11:07
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wijnimport Bleeker“ ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ მაასტრიხტში, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე „Folie culinaire“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ათასობით სტუმარს - ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ღვინის მომხმარებლებს, იმპორტიორებს და HoReCa (სასტუმრო-კაფე-რესტორანი) სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცა, დაეგემოვნებინა ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიის 50-მდე სხვადასხვა სტილის როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.
ფესტივალი 2013 წლიდან ტარდება და ტრადიციულად 5 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდისთვის ევროპის ღვინის ბაზარზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორცილებს.