ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ახალ, 70-კმ-იან მონაკვეთს ააშენებს
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ხაშური–ზესტაფონის“ ახალ 70-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას გეგმავს, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონების უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.
სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება - თავდაპირველად აშენდება 36 კმ-იანი მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში კორპორაციამ უკვე მოამზადა „ხაშური–ზესტაფონის“ გაზსადენის (36 კმ) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) და გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა შემდეგი გადაწყვეტილების მიზნით.
მილსადენის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა მეორე ეტაპზე დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება.
მაგისტრალური გაზსადენის ახალი მონაკვეთის მოწყობა ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10-წლიანი სახელმწიფო გეგმის საფუძველზე განხორციელდება.
სხვა სიახლეები
დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო
23.11.2026.12:07
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო.
შესაბამისად, ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებს და დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს. ასევე გაზმომარაგება არ შეუწყდება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.
„მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ამინდის ცვლილებების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები, რათა ზამთრის პერიოდში ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას გაზის შეფერხებული მიწოდებით გამოწვეული სირთულეები. სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს.
სამუშაოების განახლებული თარიღის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.
მადლობას ვუხდით მოქალაქეებს გაგებისა და მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.