ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას, სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და ნავთობისა და გაზის მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, ეკატერინე სისაურმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, თამარ წერეთელმა.
მხარეების შეფასებით, აღნიშნული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტთა პროფესიული უნარების განვითარებასა და უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას. ამასთან, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ სტუდენტების კარიერული და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებაზე, შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორში მათი, როგორც კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მომზადებაზე.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც დაესწრნენ, რომლებიც ამჟამად კორპორაციის სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე წარმატებით მუშაობენ.
სხვა სიახლეები
დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო
23.11.2026.12:07
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო.
შესაბამისად, ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებს და დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს. ასევე გაზმომარაგება არ შეუწყდება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.
„მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ამინდის ცვლილებების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები, რათა ზამთრის პერიოდში ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას გაზის შეფერხებული მიწოდებით გამოწვეული სირთულეები. სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს.
სამუშაოების განახლებული თარიღის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.
მადლობას ვუხდით მოქალაქეებს გაგებისა და მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.