ნინო ჯელაძე „People’s Bank of China“-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის - CIFIT 2026-ის ფარგლებში, „People’s Bank of China“-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის საფინანსო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობაზე და ორი ქვეყნის კომერციულ ბანკებს შორის ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე, მნიშვნელოვანია შესაბამისი ფინანსური ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქართული და ჩინური კომერციული ბანკების თანამშრომლობის გაძლიერების ინტერესზე. აღინიშნა, რომ ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებსა და ქართულ კომერციულ ბანკებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის საკორესპონდენტო საბანკო ურთიერთობების მიმართულებით, უკვე აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრაზე გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.
ნინო ჯელაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერება და ქართული საფინანსო სექტორისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს თან ახლდეს ფინანსური კავშირების გაძლიერება და თანამედროვე ფინანსური სერვისების განვითარება. CIFIT-ის ფარგლებში გამართული შეხვედრები ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას, ქართული და ჩინური საფინანსო სექტორების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელონ“, - განაცხადა ნინო ჯელაძემ.
CIFIT 2026-ის ფარგლებში ჩინეთში ვიზიტისას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვდა ჩინეთის საერთაშორისო საგადახდო სისტემის (CIPS) თავმჯდომარეს ვანგ ჰონგბოს, რომელთანაც არსებული და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს. მხარეებმა ასევე შეაჯამეს საქართველოს საფინანსო სექტორისა და ეროვნული ბანკის CIPS-თან თანამშრომლობის პროგრესი.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ნინო ჯელაძემ და ეროვნული ბანკის დელეგაციამ შეხვედრები სხვა მსხვილი ჩინური ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთანაც გამართეს, მათ შორის ჩინეთის ინდუსტრიულ და კომერციულ ბანკთან, Bank of China-სა და China Construction Bank-თან.
ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში - CIFIT 2026-ში, ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიწვევით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, წელს პირველად ათი ქართული კომერციული ბანკიც მონაწილეობდა. გამოფენამ მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენლებსა და მაღალი დონის დელეგაციებს მოუყარა თავი.
სხვა სიახლეები
საგარანტიო პერიოდში გამოვლენილ ყველა ხარვეზს კონტრაქტორი საკუთარი ხარჯით გამოასწორებს - რევაზ სოხაძე
22.09.2026.13:49
„ყველა საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელზეც საგარანტიო პერიოდი მოქმედებს, მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. გამოვლენილ ხარვეზებზე ჩვენი რეაგირება იქნება მკაცრი — კონტრაქტორი ვალდებულია, საგარანტიო პერიოდში ყველა ასეთი ხარვეზი საკუთარი ხარჯით გამოასწოროს. ზუსტად ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე სამტრედია–გრიგოლეთის გზაზეც“, — ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით შეასრულებს.
რევაზ სოხაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მიმართ სამინისტროს მიდგომა უცვლელია და ყველა ხარვეზზე, რომელიც სამუშაოების მიმდინარეობისას ან პროექტის დასრულების შემდეგ გამოვლინდება, შესაბამისი რეაგირება მოხდება.
„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი დამოკიდებულება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მიმართ — ამ საკითხში უკომპრომისოები ვართ. თუ ხარვეზი გამოვლინდა, კონტრაქტორს ეძლევა შესაბამისი მითითება და მისი გამოსწორება ხდება კონტრაქტორის ხარჯით. სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზეც სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოების სრულფასოვნად შესასრულებლად გზაზე მოძრაობა ოთხი დღით დროებით იზღუდება“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ანალოგიური მონიტორინგი მიმდინარეობს სხვა საგარანტიო პერიოდში მყოფ საგზაო პროექტებზეც. მათ შორის, გარკვეული ხარვეზებია გამოვლენილი საგარეჯოს მიმართულებით გახსნილ ავტომაგისტრალზეც, რის შესახებაც კონტრაქტორ კომპანიას უკვე მიეცა შესაბამისი მითითება და მათი გამოსწორება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„საგარანტიო პერიოდის არსიც სწორედ ის არის, რომ ამ პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება კონტრაქტორს ეკისრება და ამისთვის სახელმწიფო დამატებით თანხას არ იხდის. ასეთი მიდგომა გვექნება ყველა გზასა და ყველა ინფრასტრუქტურულ ობიექტთან მიმართებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თითოეული ლარის სანაცვლოდ ქვეყანამ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა მიიღოს“, — განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოების 22 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ლესას სატრანსპორტო კვანძიდან საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე გადაერთვება და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსას გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით. გრიგოლეთი–სამტრედიის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.