ნინო ჯელაძე საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ტალალ ალჰუმუდთან შეხვედრა გამართა.
ნინო ჯელაძემ, კოლეგას საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და საფინანსო სექტორის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა, საუბარი შეეხო საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო პოტენციალს, რაც ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისა და ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვის შესაძლებლობებს ქმნის.
მხარეებმა მიმოიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება საზედამხედველო რეფორმების, საგადახდო სისტემების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე.
ტალალ ალჰუმუდმა თავის მხრივ, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შემდგომი პარტნიორობის მზადყოფნის სურვილი გამოთქვა.
საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტისა და საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება - ალექსანდრე დარახველიძე
26.08.2026.14:02
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნავს იმაზეც, რომ ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად გამოვლინდეს და არ დაიშვას სახელმწიფო საზღვარზე.
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. ზოგადად, ზაფხულის პერიოდში გაზრდილია მგზავრთა ნაკადები ტურისტული სეზონის გამო. მონაცემი, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ეყრდნობა, მოიცავს როგორც მგზავრთა საქართველოში შემოსვლის, ისე გასვლის მაჩვენებელს. უნდა აღინიშნოს, რომ გასვლის მაჩვენებელი აღემატება შემოსვლის მაჩვენებელს. აღნიშნული ციფრით ხდება საზოგადოების მანიპულირება, თითქოს უკავშირებენ, რომ ეს არის რუსეთის მოქალაქეების საერთო რაოდენობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მონაცემი შეიცვას როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ჯამურ მაჩვენებელს.
მსურს საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრათ, რომ მონაცემები, რომელიც სპეკულაციურად ვრცელდება, არაა დაკავშირებული რაიმე ტიპის საფრთხესთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, რომ ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად გამოვლინდეს და არ დაიშვას სახელმწიფო საზღვარზე. მოვუწოდებ საზოგადოებას, გადაამოწმონ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებთან და ენდონ იმ მონაცემებს რომელსაც სპეკულაციურად და მანიპულაციურად ავრცელებს ზოგიერთი მედიასაშუალება“, - აღნიშნა დარახველიძემ.