ნინო ჯელაძემ გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში ნინო ჯელაძემ ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების რისკებზე, თაღლითობის პრევენციის მექანიზმებზე, ბიზნესის უწყვეტობის მნიშვნელობასა და ფინანსური სექტორის მედეგობის გაძლიერებაზე.
როგორც ნინო ჯელაძემ აღნიშნა, მყისიერი გადახდების გარემოში, როდესაც ტრანზაქციები წამებში სრულდება, თაღლითობის დროული გამოვლენისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომატიზებული მონიტორინგის სისტემები, რეალურ დროში რისკების შეფასება და საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიცირება. ამ პროცესში ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, თუმცა მისი განვითარება თაღლითობის ახალი მეთოდების გაჩენის რისკსაც ზრდის.
ნინო ჯელაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს ინოვაციური, სწრაფი და ეფექტიანი საგადახდო სისტემების განვითარებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს თან ახლდეს უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერება და ფინანსური ინსტიტუტების მედეგობის უზრუნველყოფა.
„საგადახდო სისტემა არ არის ნამდვილად ეფექტიანი, თუ ის სწრაფია, მაგრამ მისი ნდობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, სისწრაფე, უსაფრთხოება და მედეგობა ერთმანეთის პარალელურად უნდა ვითარდებოდეს“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
GFTN-ის მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დისკუსია პოლიტიკის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების დაკავშირებას, ფინანსური სექტორის განვითარებისა და თანამედროვე საგადახდო ეკოსისტემის წინაშე არსებული გამოწვევების განხილვას ისახავდა მიზნად.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიდგომაა, არავის მივცეთ საშუალება, მოსახლეობას უხარისხო სამუშაოები შესთავაზოს - რევაზ სოხაძე
17.10.2026.22:21
„ჩვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ პრობლემებს არ ვმალავთ და ვაღიარებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამასთან, ქვეყანაში ისეთი გარემო და მიდგომები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვერავინ გაბედოს უხარისხო სამუშაოების შესრულება და მოსახლეობასთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სატელევიზიო დებატებისას განაცხადა.
მინისტრმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხარისხის კონტროლის მნიშვნელობაზე, სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობასა და სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
რევაზ სოხაძემ გრიგოლეთის მონაკვეთზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამო კომპანიას კონსტრუქციის დემონტაჟი და ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მოუწია.
„ერთ-ერთი კომპანია, რომელზეც საუბრობდით, ამჟამადაც აწარმოებს სამუშაოებს. მის მიერ გრიგოლეთის მონაკვეთზე აშენებული სახიდე გადასასვლელი ჩვენმა ხარისხის კონტროლმა დაიწუნა. კომპანიას მოუწია მისი დანგრევა და ახლა ახალს აშენებს. ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება, რომ სამუშაოები უმაღლესი ხარისხით შესრულდეს“ -განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საკითხი მხოლოდ კონკრეტული კომპანიების დასახელებით არ შემოიფარგლოს. აუცილებელია ისეთი სისტემის არსებობა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობასა და ობიექტურობას, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს უხარისხო სამუშაოების შესრულებას.
რევაზ სოხაძის განმარტებით, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შერჩევა დადგენილი წესებისა და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე უნდა ხდებოდეს, რაც კორუფციული რისკების შემცირებასაც ემსახურება. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„ჩვენი ბაზარი და სატენდერო პროცედურები ღია უნდა იყოს ყველასთვის და ყველა დაინტერესებულ კომპანიას მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ამასთან, ღიად ვაცხადებთ, რომ ქართულ კომპანიებს ვგულშემატკივრობთ. საკანონმდებლო დონეზე უკვე მიღებული გვაქვს და მომავალშიც ვაპირებთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მათ ტენდერებში მონაწილეობას გარკვეულწილად შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ვერავინ გაბედავს უხარისხო სამუშაოების შესრულებას“ -აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და განაცხადა, რომ სახელმწიფოს ჩარევის შედეგად საკითხი ნაწილობრივ მოგვარდა. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.
სატელევიზიო დებატებისას რევაზ სოხაძემ კობი-ქვეშეთის საავტომობილო გზის პროექტიც მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტია. მისი თქმით, უკვე აშენებულია 9-კილომეტრიანი გვირაბი, ხოლო პროექტის ფარგლებში შენდება უნიკალური თაღოვანი ხიდი, რომლის სიმაღლე 166 მეტრი, სიგრძე კი 400 მეტრია.
მინისტრის განცხადებით, პროექტის ერთ-ერთ უცხოურ კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობის საწყის ეტაპზე არსებობდა უკმაყოფილება მისი საქმიანობის ორგანიზებისა და სამუშაო პროცესის მიმართ. სახელმწიფოს მხრიდან საკითხისადმი მკაცრი მიდგომისა და აქტიური მუშაობის შედეგად კომპანიამ გუნდი სრულად შეცვალა, რამაც სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა.
„როდესაც პირველად ჩავედი ამ ობიექტზე, ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც მიუღებელი იყო კომპანიის დამოკიდებულება და მუშაობის ფორმა. ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მკაცრი მიდგომა გვქონდა. მინდა გითხრათ, რომ კომპანიამ გუნდი მთლიანად შეცვალა. ახლახანაც ვიყავი ობიექტზე და მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია. კომპანია იგივეა, თუმცა შეიცვალა მისი მიდგომა და მუშაობის ხარისხი. ეს მაგალითი აჩვენებს, რომ როდესაც კომპანია ხედავს სახელმწიფოს მკაფიო და პრინციპულ დამოკიდებულებას, მას შესაბამისი რეაგირება უწევს“ -განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს სამუშაოების ხარისხი და მოქალაქეების ინტერესების დაცვა.