ნინო თანდილაშვილმა ბიზნესს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსსა და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.
ნინო თანდილაშვილმა კანონმდებლობაში დაგეგმილი სიახლეების მიზნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ბიზნესისთვის მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას ისახავს მიზნად.
„ცვლილებები, რომლებსაც კანონმდებლობაში ვახორციელებთ, ერთი მხრივ, გარემოსდაცვით ინტერესებს ემსახურება, ხოლო მეორე მხრივ, მიზნად ისახავს ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესებას. გასულ წელს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბიზნესის მხრიდან დაჩქარებულ მომსახურებაზე მოთხოვნა არსებობს. ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ გარემოსდაცვითი ინტერესები და ხელი შევუწყოთ ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
კანონპროექტი გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებში მომსახურების საფასურების გადახედვას ითვალისწინებს. ცვლილებები ასევე მოიცავს სტანდარტულ და დაჩქარებულ წარმოებებში პროცედურული ვადების დაზუსტებას და ნარჩენების მართვის სფეროში არსებული რეგულაციების განახლებას, მათ შორის, ნარჩენების აღდგენა-განთავსების წარმადობის დღე-ღამური მაჩვენებლებისგანსაზღვრასა და „ნარჩენების წინასწარი დამუშავების“ ცნების დაკონკრეტებას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. კანონპროექტით განისაზღვრება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მომსახურების საფასური, რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მომსახურების საფასურის ანალოგიური იქნება.
იმ საქმიანობებზე, რომლებიც ერთდროულად ექვემდებარება როგორც ინტეგრირებულ ნებართვას, ისე გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ბიზნესს მხოლოდ ერთი მომსახურების საფასურის გადახდა მოუწევს. ამასთან, ინტეგრირებული ნებართვის მოსაკრებელი უცვლელი რჩება და 5 000 ლარს შეადგენს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური და ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ვფიქრობ, ეს ნამდვილად ისტორიული პროექტია - ტრამვაი თბილისში ბრუნდება | გიორგი ტყემალაძე
16.09.2026.20:08
ვფიქრობ, ეს არის ნამდვილად ისტორიული პროექტი - ტრამვაი თბილისში ბრუნდება, - განაცხადა თბილისის ვიცე-სპიკერმა გიორგი ტყემალაძემ. „დღის ქრონიკაში“ მან პროექტის განხორციელების ვადები დეტალურად განმარტა.
„ეს არის კონცეპტუალური დიზაინის შექმნა 3 თვის განმავლობაში, შემდგომ 6 თვე დეტალური პროექტირება და შემდეგ უკვე მშენებლობა. 36 თვე არის საერთო ჯამში ის ვადა, რომლის ათვლაც დაწყებულია და დარწმუნებულები ვართ, რომ 36 თვის თავზე, უფრო ადრე თუ არა, ეს პროექტი იქნება განხორციელებული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მერის მოადგილემ.
დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მიმავალი ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი ივლისში დასრულდა. მასში თურქეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ გაიმარჯვა.