ონის მერია კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ონის მერია კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ განცხადებას ავრცელებს:
,,3 აგვისტოს, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად განადგურდა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა.
მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა და უმოკლეს ვადებში დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი ,რომლებიც სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ, ასევე რაჭა-ლეჩუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
რაჭა-ლეჩუმ- ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ პირადად მიიღო მონაწილეობა დაზარალებული მოსახლეობის ევაკუაციაში.
ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები".
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.