ორი წლის განმავლობაში შინაური ბინადარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია განხორციელდება უფასოდ - დეტალები
უპატრონო ცხოველების რაოდენობის შემცირების მიზნით, სახელმწიფო შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის ახალ რეგულაციებს ამზადებს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა განაცხადა, ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შემდეგ მეპატრონეებს სტერილიზაცია-კასტრაციის ვალდებულებაც ექნებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცხოველი გამრავლებისთვის გამოიყენება.
„მოდით ვიმსჯელოთ კონკრეტულ მაგალითებზე - მეპატრონეს ჰყავს ცხოველი, მას კონკრეტული, ვთქვათ, საკუთარი სურვილიდან გამომდინარე ჰყავს, თუმცა არ ფიქრობს მის გამრავლებაზე, არა აქვს განსაზღვრული თუ რას უზამს იმ ლეკვებს და ნუ ფაქტი დადგა. ამ შემთხვევაში ეს განსაკუთრებით ისეთი მეტისის ცხოველების, ანუ შერეული ჯიშის ცხოველების შემთხვევაში, რომელთა გაჩუქებაც თუ რეალიზაციაც პრობლემაა. ამ შემთხვევაში ჩნდება ძალიან დიდი კითხვა: რა უყოს ამ ცხოველებს? ჰყავს ერთი ძაღლი, უნდოდა მას მხოლოდ ერთი ძაღლი პირობითად და ეხლა უცბად ჰყავს კიდევ ექვსი ლეკვი. რომ არ დადგეს ის მომენტი, როდესაც ვიცით ჩვენ არაერთი შემთხვევები, როდესაც, რა ვიცი, ტომარაში ჩაყრილი ლეკვები უნახავთ ნაგავსაყრელი იქნება ეს თუ ქუჩაში თუ, რა ვიცი, კიდევ უარესი მდინარეში და ასე შემდეგ. ან უბრალოდ გამოუშვათ გარეთ და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა თავიდან მოუშორებიათ. სწორედ ამის საფუძველი იქნება პატრონის სტატუსის განსაზღვრა, შესაბამისად ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, რომელიც სავალდებულო შემოდის ეტაპობრივად, რის შემდეგადაც უკვე სტერილიზაცია-კასტრაციის ვალდებულება. ანუ შესაბამისად მეპატრონე, რომელსაც მას მფლობელობაში ეყოლება ამ შემთხვევაში ცხოველი, ის ვალდებული იქნება, რომ ამ ცხოველს ჩაუტაროს სტერილიზაცია-კასტრაცია იმ შემთხვევაში, იმ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს არის აღწარმოებისთვის, ანუ ჯიშიანი ცხოველი გამრავლებისთვის, სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის და ასე შემდეგ. ეს ასე და ისე ისევ და ისევ მსოფლიო პრაქტიკა არის, ანუ ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს პრობლემა აღარ დგას რეალურად, სწორედ აი ამ ნაბიჯებით მიაღწიეს, როდესაც პატრონს განუსაზღვრეს: შენ რისთვის გყავს ეს ცხოველი? თუ ცხოველი გყავს კონკრეტული მიზნისთვის, რომ ეს დავუშვათ გამოფენებში მიიღოს მონაწილეობა და ამის ჯიშის მახასიათებელი აძლევს საშუალებას - კი ბატონო, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული არის იმ სტერილიზაცია-კასტრაციის, ვთქვათ, გამონაკლისი. ან მომშენებელი, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი, რომელიც სპეციალურად მოაშენებს ამ ცხოველებს, შექმნის შესაბამის გარემოს და ასეთი ცხოველების... ანუ ჩვენი მიზანია, რომ როგორც სარეალიზაციო, ასევე განსაკუთრებით გასაჩუქებელი ან გარეთ „გამოსაგდები“ ცხოველების რაოდენობა შევამციროთ, იმიტომ რომ დანარჩენი ცხოველები უკვე „იშვილონ“ სხვებმა, რომლებმაც დღეს ვერ ერევიან უბრალოდ იმ რაოდენობას, რომელიც არის ჰიპერპოპულაციიდან გამომდინარე. სწორედ ამისი კონტროლი იქნება, თუ რამდენად ეს პატრონიანი ცხოველი არის სტერილიზებული, კასტრირებული (სქესიდან გამომდინარე) და უპირველეს ყოვლისა რამდენად არის იდენტიფიცირებული“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე.
ირკვევა, რომ საქართველოში შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა წელს დაიწყება. პირველი ორი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ცხოველების მიკროჩიპირება უფასოდ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
„ვინაიდან დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ დავეხმაროთ მეპატრონეებს და შესაბამისობაში მოიყვანონ თავისი მდგომარეობა ნორმატიულ აქტთან, ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც დაიწყება მიმდინარე წლიდან და იქნება სამწლიანი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს პირველი ორი წლის განმავლობაში მასიურად ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უფასოდ.
ცოფის ვაქცინაციის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით მოხდება ცხოველების მიკროჩიპირება. შესაბამისად ეს იქნება უფასო, ანუ მეპატრონეს ამ ეტაპზე აქ აქვს კარგი შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს ამ მომენტით და უფასოდ მიიღოს მომსახურება, რაც რეალურად მისი ვალდებულება არის. ამის შემდგომ უკვე ამასთან ერთად, როდესაც სტერილიზაცია-კასტრაცია ამოქმედდება, უკვე ცხოველების პოპულაციის შემცირების ფონზე ეს პრობლემაც ნაკლებად იქნება. თუმცა ეს ვალდებულება, რა თქმა უნდა, დარჩება და შემდგომ წლებშიც მეპატრონეს ექნება ვალდებულება, რომ მისი ცხოველი - აიყვანს იქნება ამ შემთხვევაში თუ აღწარმოების შედეგად მიიღებს იყოს იდენტიფიცირებული. და აქ შემოდის მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის, რომ ეს პროცესი წარმატებულად განხორციელდეს - ერთის ხელით, რომ ჩვენ ვეხმარებით ამ პროცესს უფასოდ, მაგრამ მეორეს მხრივ გარკვეული შეზღუდვები წესდება სწორედ იმ მიზნით, რომ ვუბიძგოთ მეპატრონე, რომ მოექცეს იმ საკანონმდებლო ჩარჩოებში. მათ შორის, მაგალითად, კლინიკებში, გრუმინგ-სალონებში და ასე შემდეგ მომსახურების მიღება. რა თქმა უნდა, გადაუდებელი მომსახურება კლინიკების შემთხვევაში არ განიხილება, მაგრამ კლინიკებს ექნებათ ვალდებულება მიმდინარე წლიდან, რომ მისული ცხოველი, რომელსაც უნდა ჩაუტარონ გარკვეული მანიპულაცია, უნდა იყოს იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ არ არის, მათ უნდა მოახდინონ ჯერ იდენტიფიცირება და შემდგომ უკვე ჩაუტარონ მანიპულაცია. გამონაკლისი იქნება გადაუდებელი შემთხვევები“, - აცხადებს ლაშა ავალიანი.
სხვა სიახლეები
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა
30.09.2026.20:46
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომლის მიხედვით 2027-2030 წლების მაკროეკონომიკური პარამეტრები დაგეგმილია შედარებით კონსერვატიული პროგნოზების მიხედვით, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან და ითვალისწინებს:
რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის შეადგენს 5.0 პროცენტს, ხოლო მომდევნო წლებში 5.2-5.3 პროცენტის ფარგლებშია;
ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9 პროცენტით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შემდგომ წლებში ზრდის პროგნოზი საშუალოდ 8.5 პროცენტია და 2030 წლისთვის 161.0 მილიარდ ლარს აჭარბებს; ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12.0 ათას დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის 15.0 ათას დოლარს აჭარბებს;
ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3.0 პროცენტს დაუბრუნდება. მომდევნო წლებშიც ინფლაციის პროგნოზი მისი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია; მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2027 წლისთვის 4.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 4.3 პროცენტამდე მცირდება;
ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტის დონეზე, ხოლო შემდგომ წლებში მცირედით კლებადი ტენდენცია აქვს და 2.2 პროცენტამდე მცირდება;
მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027 წლისთვის 31.6 პროცენტის დონეზეა და მომდევნო წლებში ინარჩუნებს მცირედით კლების ტენდენციას; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2027 წლისთვის დაგეგმილია 29.5 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო 2030 წლისთვის 41.0 მილიარდ ლარს აჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები შეადგენს 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 1 მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება.
ჯამური შემოსულობების 85 პროცენტზე მეტს შემოსავლები წარმოადგენს, რომლის მოცულობა 32 მილიარდ 90 მილიონ ლარს აჭარბებს და მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობასთან შედარებით 1 მილიარდ 754 მილიონი ლარით მეტია. საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 2027 წლისთვის განსაზღვრულია 29 მილიარდ 520 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 120 მილიონი ლარით, ხოლო თავდაპირველ გეგმიურ მაჩვენებელს 2 მილიარდ 480 მილიონი ლარით. მომდევნო წლის განმავლობაში პროგნოზირებულია ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნება ჯამში 3 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით. 2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 37 მილიარდ 562 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას 1 მილიარდ 928 მილიონი ლარით აღემატება.
2027 წლის ჯამური გადასახდელებიდან 25 მილიარდ 424 მილიონი ლარი მიიმართება მიმდინარე ხარჯების (საპროცენტო ხარჯების გარდა) დაფინანსებაზე, რაც 2026 წლის საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 34 მილიონი ლარით აღემატება.
მიმდინარე ხარჯები ძირითადად გაზრდილია შემდეგი მიმართულებებით: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 555 მილიონი ლარით. კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით (მაღალმთიან დასახლებებში 665 ლარს აჭარბებს), ხოლო 70 წლამდე ბენეფიციარებისთვის იზრდება 20 ლარით და 390 ლარს შეადგენს (მაღალმთიან დასახლებებში 468 ლარი);
ინდექსაციის შესაბამისად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 60 მილიონი ლარი;
ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმი/ექთნის ხელფასების ზრდა; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 26 მილიონ ლარზე მეტით;
დაგროვებითი საპენსიო სქემის დაფინანსება გაზრდილია 60 მილიონი ლარით.
განათლების ხარჯები - გაზრდილია 400 მილიონი ლარით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების ხელფასების ზრდა. ასევე, გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება;
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო საჯარო სექტორში, რისი გათვალისწინებითაც შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია 395 მილიონი ლარით; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 90 მილიონი ლარით; სპორტული ფედერაციების დაფინანსება გაზრდილია 50 მილიონი ლარით; სხვა დანარჩენი სახელმწიფო პროგრამების და მუნიციპალური სერვისების დაფინანსება გაზრდილია 269 მილიონი ლარით;
2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება 8 მილიარდ 431 მილიონ ლარზე მეტი, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს თითქმის 1 მილიარდი ლარით აღემატება.
აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი;
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილია 1 მილიარდ 332 მილიონ ლარამდე, მათ შორის 723 მილიონი ლარია გათვალისწინებული ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის. განათლების მიმართულებით კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 800 მილიონი ლარი;
წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 432 მილიონი ლარი;
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილია 404 მილიონი ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების მშენებლობა და რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების განახლება;
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 310 მილიონი ლარი;
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოყოფილია 172 მილიონი ლარი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლების პროექტების დაფინანსებაზე გამოყოფილია 268 მილიონი ლარი;
ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულია 142.5 მილიონი ლარი;
სამელიორაციო სისტემების მოდერნიზების პროექტებზე გამოყოფილია 145 მილიონი ლარი;
მყარი ნარჩენების პროექტების განსახორციელებლად გათვალისწინებულია 106,4 მილიონი ლარი;
პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილი კაპიტალური ხარჯები შეადგენს 701 მილიონ ლარს;
საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით მიიმართება 250 მილიონი ლარი;
თბილისის მეტროს მოდენრიზაციის პროექტის დაფინანსება შეადგენს 125 მილიონ ლარს;
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტისთვის გამოყოფილია 125 მილიონი ლარი;
სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობაზე მიიმართება 107 მილიონი ლარი;
ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დასასრულებლად გათვალისწინებულია 60 მილიონი ლარი;
სხვა დანარჩენი კაპიტალური ხარჯები ჯამში შეადგენს 267 მილიონ ლარს;
2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა საბიუჯეტო პროცესის თანახმად, გაგრძელდება პარლამენტში, სადაც მოხდება გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების ასახვა, ხოლო დეკემბერში საბოლოო ვერსიის მიღება.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.