ოთარ გრიგოლია: გაუგებარია, თუ რატომ უნდა იყოს ფინანსების გამჭვირვალეობა პრობლემა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუდამ საუბრობენ დემოკრატიასა და გამჭვირვალობაზე
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის არსი არ არის არც ფინანსების მიწოდების შეფერხება, არც ვინმეს მტრად გამოცხადება. ამ კანონის ერთადერთი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველასთვის ცნობილი იყოს, თუ რა მიმართულებით მიედინება ის ძირითადი რესურსები, რომლებსაც დონორები ხარჯავენ“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი განმარტებით, კანონპროექტი სამართლებრივ რეგულაციებს არ ითვალისწინებს და მისი ძირითადი მიზანი გამჭვირვალეობაა. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ის რეაქცია, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში არსებობს, გადაჭარბებულია.
„ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა იყოს ფინანსების გამჭვირვალეობა პრობლემა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუდამ საუბრობენ დემოკრატიასა და გამჭვირვალობაზე. ამ საკითხზე გადაჭარბებული რეაქცია ამ პროცესის პოლიტიზებაზე მიანიშნებს. როდესაც ქვეყანაში არსებობენ დესტაბილიზაციის მომწყობი ჯგუფები, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ საიდან ფინანსდებიან ისინი. აქ საგანგაშო არაფერია, მით უმეტეს, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ღიაობაზე და არა სამართლებრივ რეგულაციებზე“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ნებისმიერი საჯარო ორგანიზაციის საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე. მისივე განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოხდეს იმ ხარჯების დეკლარირება, რომლებსაც ისინი გასწევენ.
„ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, მაგრამ არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც პირდაპირი ბენეფიციარები არიან გარკვეული ტიპის დაფინანსების და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ფინანსდება მათი რადიკალური ქმედებები“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, როდესაც გარკვეულ ჯგუფებს აქვთ ასეთი რეაქცია, ეს მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ არსებობს გარკვეული ერთგვარი, რომ ფინანსების ნაკადი იყოს გაუმჭვირვალე.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.