ოთარ შამუგია ლატვიის ელჩს საქართველოში ედიტ მედნის შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტ მედნის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ოთარ შამუგიამ ხაზი გაუსვა საქართველო-ლატვიას შორის არაერთი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„ლატვია არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, რისთვისაც მადლობას გიხდით. დღეს, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან ეტაპს გავდივართ ამ გზაზე, ვემზადებით კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ჩვენი პარტნიორების, მეგობარი ქვეყნების გვერდში დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს პროგრესი როგორც ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულების, ასევე რეფორმების განხორციელების მიმართულებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროგრესი ყველას დავანახოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობაზე ისაუბრა და წარმატებულ სავაჭრო ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.
ლატვიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ედიტ მედნიმ, ლატვიის მხარის სახელით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მზაობა დაადასტურა.
„ლატვია ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მიმართულებით, რაც ევროინტეგრაციაში დაეხმარება. ჩვენ ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს როგორც აგრარული, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. თუმცა, შეგვიძლია უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო უკეთესად. ლატვიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საკმაოდ მაღალ დონეზე ისწავლება აგრარული მიმართულებები და მოხარული ვიქნებით, თუ ქართველი სტუდენტები განათლებას ჩვენთან მიიღებენ. მზად ვართ, გაგიზიაროთ წარმატებული გამოცდილება ნარჩენებისა და ტყის რესურსების მართვის, სურსათის უვნებლობის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. იმედი მაქვს, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება და ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველო მიზანს მიაღწევს“, - აღნიშნა ედიტ მედნიმ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.