ოთხი ხიდი თბილისში, რომელსაც შესაძლოა, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს
თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა, თბილისში ოთხი ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება.
ეს პროექტი მიზნად ისახავს თბილისში არსებული ოთხი ხიდის ხელახალ დაპროექტებას, რათა ისინი უფრო უსაფრთხო და მიმზიდველი გახდეს ქვეითებისა და ველოსიპედით მოსიარულე ადამიანებისთვის:
• მეტეხის ხიდი
• საარბრიუკენის/მშრალი ხიდი
• გალაქტიონის ხიდი
• ბარათაშვილის ხიდი
„მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა წინასწარი სამუშაოები ამ პროექტების მასშტაბის განსაზღვრისთვის, ისეთი ელემენტები, როგორიცაა დაცული ველობილიკები, უსაფრთხო და პირდაპირი საფეხმავლო წვდომა, უნივერსალური მისაწვდომობა, ავტობუსების ზოლები, ნაკადის დამშვიდების ღონისძიებები და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ინტეგრაცია, და წყლის ავტობუსის გაჩერებები ორივე ბოლოს განახლებული ხიდების ძირითადი კომპონენტები იქნება. ასევე ხიდების გასწვრივ კეთილმოწყობის ელემენტები, მათ შორის სკამები, მიმზიდველი განათება და ჩრდილი იქნება უზრუნველყოფილი“,- ნათქვამია დოკუმენტში.
პასუხისმგებლობა
TUDA პასუხისმგებელი იქნება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და წინასწარი პროექტის წარმართვაზე, ასევე პროექტის განხორციელების შემდგომ მონიტორინგზე, ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მუნიციპალური სამსახური პასუხისმგებელი იქნება დეტალურ პროექტირებასა და მშენებლობაზე. გარემოს დაცვის სამსახური წარმართავს ფიზიკურ სამუშაოებს, როგორიცაა გამწვანება, მათ შორის დარგვა, მორწყვა და დრენაჟი.
კომუნიკაციებთან დაკავშირებული სამუშაოები იქნება შესაბამისი კომპანიის პასუხისმგებლობა. ხიდების მომსახურება ხიდის მოვლის ჩვეულებრივი ტექნიკური მომსახურების პროცედურების შესაბამისად წარიმართება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ. ზაარბრიუკენის მოედნის და ახალი საფეხმავლო ხიდის ტექნიკურ მომსახურებს უზრუნველყოფს „ეკოსერვისი“ ან „თბილსერვის ჯგუფი“, რომელიც საჯარო სივრცეებს მართავს თბილისში
დოკუმენტის თანახმად, პროექტის ბიუჯეტი 11,639,282 აშშ დოლარია. პროექტი 2023-2029 წლებში უნდა განხორცოელდეს. მეტეხის ხიდის რეაბილიტაციისთვის - 394,766 აშშ დოლარი განისაზღვრა. ზაარბრიუკენის ხიდი და მოედნისთვის - 315,778 აშშ დოლარი, გალაქტიონის ხიდის რეაბილიტაციაზე - 350,000 აშშ დოლარი დაიხარჯება, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციაზე კი 350,000 აშშ დოლარი. ასევე იგიგმება ახალი საფეხმავლო ხიდის მოწყობა - 9,000,000 აშშ დოლარი.
80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭირო. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.