პარლამენტი დღეს საგზაო წესებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს განიხილავს
დღეს პარლამენტი, ბიუროს სხდომაზე, საგზაო წესებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს განიხილავს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები განახევრდება, ან მნიშვნელოვნად იკლებს, თუმცა უცვლელი რჩება მკაცრი სანქციები 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის.
მმართველი გუნდის შეფასებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ წინა შემთხვევაში გამკაცრებულმა სანქციებმა მაქსიმალური შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომაც ახლა ხელისუფლების მიზანი ბალანსის დაცვაა.
„კონკრეტულმა მაღალმა ჯარიმებმა პრევენციული თვალსაზრისით ის მაქსიმალური შედეგი ვერ გამოიღო, რომელიც ნავარაუდევი იყო, შესაბამისად მიდგომა იცვლება. თუმცა, მაღალი სიჩქარის შემთხვევაში, როდესაც ეს დასაშვებ ნორმას სცილდება, კვლავაც რჩება მაღალი სანქცია. ამ კუთხით სახელმწიფო კვლავ აგრძელებს დაკვირვებას“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
სხვა სიახლეები
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მცირდება - შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს
23.06.2026.08:47
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მცირდება - შესაბამის ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს.
ცვლილებებით, მოძრაობის დადგენილი დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები განახევრდება ან მნიშვნელოვნად იკლებს, თუმცა უცვლელი რჩება მკაცრი სანქციები 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის. ცვლილება ეხება ქულების სისტემასაც.
როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ცვლილებების მიზანია, დადგენილი სანქციების ეფექტიანობა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ჯარიმების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციები გრძელდება და საშემოდგომო სესიის დროს, შესაძლოა სიახლეებიც.
„მიუხედავად გაზრდილი ჯარიმებისა, გარკვეულწილად ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა არ მცირდება. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, სახელმწიფო პოზიტიურად ერევა ასეთ მოცემულობაში და ადგენს ისეთ საკანონმდებლო განაწესებს, რომელიც მეტად წაადგება ჩვენ საზოგადოებას და არ დაკარგავს პრევენციულ მნიშვნელობას“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.