პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
საკითხი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტით წესრიგდება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, შემოდის სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ცნებები და შესაბამისი სანებართვო რეჟიმი. განისაზღვრება აღნიშნული ნებართვების გაცემის პირობები, მოქმედების ვადა, სანებართვო მოთხოვნები და საქმიანობის კონტროლის მექანიზმები.
ამასთან, დგინდება, რომ საერთაშორისო ორგანიზების ფარგლებში გამართულ თამაშობებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა დაუშვებელია.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, ისეთი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, რომელიც ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურებების უსაფრთხო განვითარებას უზრუნველყოფს - ნათია თურნავა
25.06.2026.19:27
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ შვეიცარიაში, ციურიხში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში Point Zero Forum 2026-ში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი პანელური დისკუსიის მომხსენებელი იყო. დისკუსია სტაბილქოინების, პროგრამირებადი ბანკინგის, ციფრული აქტივებისა და ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ძირითად ტენდენციებს შეეხო.
ნათია თურნავამ მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის განვითარების მიზნით განხორციელებული რეფორმები გააცნო. მან ისაუბრა ციფრული ბანკების სალიცენზიო რეჟიმზე, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) მარეგულირებელ ჩარჩოსა და სტაბილქოინების რეგულირების ახალ მოდელზე, რომელიც რეგიონში პირველი მსგავსი ჩარჩოა.
„ბოლო წლების განმავლობაში სებ-მა ინოვაციური ფინანსური სერვისების მომსახურებისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა. ჩვენ წარვადგინეთ ახალი სალიცენზიო რეჟიმები და მარეგულირებელი ჩარჩო ინოვაციების მხარდასაჭერად. შედეგად, დღეს საქართველოში უკვე მოქმედებს სამი ციფრული ბანკი. ასევე შევქმენით ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) მარეგულირებელი ჩარჩო, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყანაში 40 ახალი რეგისტრირებული კომპანია, მათ შორის წამყვანი საერთაშორისო კომპანიები. სულ ცოტა ხნის წინ კი წარვადგინეთ სტაბილქოინების რეგულირების ახალი მოდელი, რომელიც შინაარსით რეგიონში პირველია და შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი ინოვაციების მხარდაჭერასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული ვალუტისა და ფინანსური სისტემის მიმართ ნდობის განმტკიცებას.
„როგორც ცენტრალური ბანკი, საკუთარ როლს ფინანსური ინოვაციების ხელშემწყობისა და მონეტარული ნდობის გარანტის რანგში ვხედავთ. ჩვენი მიზანია, ისეთი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, რომელიც ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურებების უსაფრთხო განვითარებას უზრუნველყოფს. ამავდროულად კი შეინარჩუნებს ნდობას ეროვნული ვალუტისა და ფინანსური სისტემის მიმართ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
Point Zero Forum წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ცენტრალური ბანკების, მარეგულირებლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმი ფინანსური სექტორის განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე გამოწვევების განხილვას ემსახურება.