პარლამენტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. დეპუტატებს ანგარიში შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ გააცნო.
მისი განცხადებით, შრომის ინსპექციის სამსახური, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2021 წლის პირველი იანვრიდან სრული მანდატით ახორციელებს ზედამხედველობას შრომით ნორმებზე, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე, ასევე დასაქმებულთათვის შრომის კოდექსითა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმების უზრუნველყოფაზე.
„2022 წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველოში შრომის კანონმდებლობის სრულყოფის კუთხით.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში ჩვენ მივიღეთ 3 ახალი დირექტივა, რომელიც გააუმჯობესებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს ქვეყანაში.
ამით, საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპული ოჯახისკენ.
ზოგადად, გასული წელი გარდამტეხი აღმოჩნდა შრომის უფლებების რეალიზაციის კუთხითაც“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელდა 2510 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება, მათგან პირველადი ინსპექტირება ჩატარდა 1147 ობიექტზე, როგორც გეგმურად, ასევე საჩივრების საფუძველზე. გაიცა 8728 მითითება და ჯამში შედგენილია 1748 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და, ფაქტობრივად, ყველა ეკონომიკური სექტორი შემოწმებულია.
ბექა ფერაძემ ასევე ისაუბრა შრომის უფლებებზე ზედამხედველობის კუთხით განხორციელებულ საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ შრომის უფლებების მიმართულებით 1024 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება განხორციელდა, შედგა 632 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გაიცა 3369 მითითება.
რაც შეეხება საკანონმდებლო და ნორმატიულ სიახლეებს, შემუშავებულია და საქართველოს კანონმდებლობაში ასახულია 17 ნორმატიული აქტი. ოთხ ევროდირექტივაზე დაყრდნობით შემუშავდა და დამტკიცდა სამი ტექნიკური რეგლამენტი. მომხსენებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და შრომითი ნორმების დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისათვის გატარებულ ღონისძიებებზე.
როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, აქტიურად გაგრძელდება იმ საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მიღება, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის შრომის უფლებების დაცვისთვის, ასევე შრომის ინსპექციის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობისა და ხელშეწყობისათვის.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.