პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლები იხსნება
დღეიდან იუსტიციის სახლის სერვისების მიღება მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მოხდის ადგილზევე იქნება ხელმისაწვდომი. პროექტი ქართული ინოვაციაა და ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს. იუსტიციის სახლის პირველი ფილიალი მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრმა გახსნა.
როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფთათვის იუსტიციის სახლის 50-ზე მეტი სერვისია ხელმისაწვდომი, მათ შორის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღება, დაბადების რეგისტრაცია, არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანხმობის გაცემა, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, განქორწინების რეგისტრაცია, ატესტატის აღება, ინდმეწარმედ რეგისტრაცია და სხვ. სერვისის მიღებას მსჯავრდებულები წინასწარი დაჯავშნით შეძლებენ.
ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც მოემსახურება.
დღემდე პატიმრობაში მყოფ პირებს ან მესამე პირისათვის გაცემული მინდობილობის საფუძველზე შეეძლოთ სერვისის მიღება, ან იუსტიციის სახლთან წერილობითი კომუნიკაციით. ორივე შემთხვევაში სერვისი ხანგრძლივ დროს და არასაკმარისად მოქნილ პროცედურებს ითვალისწინებდა. პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნის შემდეგ მსჯავრდებულებისთვის მომსახურება ზუსტად ისეთივე კომფორტული იქნება, როგორიც იუსტიციის სახლის ნებისმიერი ვიზიტორისთვისაა, სერვისცენტრისთვის განკუთვნილი სივრცე კი, სრულ შესაბამისობაშია იუსტიციის სახლების ინტერიერთან.
მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის სახლის, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები.
დღესვე იუსტიციის სახლის ფილიალი რუსთავის მე-5 (ქალთა) დაწესებულებაშიც ამოქმედდა და ეტაპობრივად სხვა დაწესებულებებშიც გაიხსნება.
პროექტი იუსტიციის სახლსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.