პირი, რომელმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე უნებართვოდ განახორციელა ტაქსით მომსახურება დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდება - მერია
ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ წარმატებულ გადაწყვეტილებად ტაქსების რეფორმა მიიჩნევა.
„ტაქსების რეფორმა რამდენიმე ეტაპად განვახორციელეთ: შემოღებულ იქნა მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა; დადგინდა A კატეგორიის ტაქსის ფერის სტანდარტი; აიკრძალა მარჯვენასაჭიანი ავტომობილით მგზავრთა გადაყვანა; დაინერგა მობილური აპლიკაციები ტაქსით მომსახურების პროცესის გამარტივების მიზნით; აუცილებელი გახდა ტაქსის მანათობლის გამოყენება და ა.შ. ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით შეწყდა ნებართვის გაცემაც და ძალაში დარჩა მხოლოდ უკვე აღებული ნებართვები. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად უდიდესი ეკონომიკური აქტივი გაუჩნდა თითოეული ნებართვის მფლობელ პირს და მას ეს აქტივი უკვე თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, განკარგოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ცვლილებების სრულყოფილად დანერგვა და მათ შორის ტაქსის მძღოლების ადაპტირება რეგულაციებთან გარკვეულ დროს და ენერგიას მოითხოვდა.
„მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რა თქმა უნდა, აქტიური და უშუალო კომუნიკაციები მიმდინარეობდა ამ სფეროთი დაინტერესებულ თითოეულ პირთან. ხდებოდა მათთან შეხვედრები, მოსაზრებების გაცვლა და შეიძლება ითქვას, რომ პროცესი მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა. ამ პროცესებში იყო შემთხვევები, როცა მგზავრთა ტაქსით გადაყვანა ხორციელდებოდა ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით. ამიტომ, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მანვე მოსახლეობას განუმარტა, რომ 2025 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ ჩადენილ სამართალდარღვევებზე უკვე განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები მთელი სიმკაცრით.
„მივმართავ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული საკითხები. იმედი მაქვს, რომ ყველა ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესების ფარგლებში. ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მივაწოდებთ პარლამენტს. აქვე მინდა, ვთხოვო პარლამენტის წარმომადგენლებს, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ საკანონმდებლო ინიციატივებში, რადგან აღნიშნული საკითხები პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. ასევე, მიგვაჩნია, რომ ცვლილებებს, სამართალდარღვევების შემცირების კუთხით, ქმედითი პრევენციული ხასიათიც ექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.