პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები შესაძლოა მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე გახდეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტის წევრების: არმაზ ახვლედიანისა და ანა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც პიროტექნიკის საქართველოში შემოტანაზე, ფლობაზე, რეალიზაციაზე და გამოყენებაზე ერთიანი ჩარჩო რეგულაციის შექმნას ეხება.
ცვლილება, რომელიც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანად მომზადდა, პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს აზუსტებს.
„კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები მთავრობის განკარგულების საფუძველზე იქნება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიიღოს ერთჯერადი განკარგულება და დაუშვას პიროტექნიკის გამოყენება. ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება ექნება პიროტექნიკა შემოიტანოს, ფლობდეს და გამოიყენოს მთავრობის განკარგულებითვე განსაზღვრულ დროსა და ადგილას. ასევე, დასაშვები იქნება დაბალი საფრთხის პიროტექნიკის გამოყენება და ასევე ნებისმიერი სახის პიროტექნიკის ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადატანის მიზნით", -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კომიტეტი აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას გააგრძელებს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.