პირველად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე, დებიუტანტები ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ, აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით - გიორგი მამარდაშვილი
პირველად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე, დებიუტანტები ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ. აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა.
„უნდა დავამტკიცოთ, რომ ქართველებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში. ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ და ეს თამაშებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირზე დიდი ხანია არ უთამაშია არცერთ ქართულ გუნდს და, მით უმეტეს, ნაკრებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ. ვიბრძოლებთ, ვითამაშებთ და ვნახოთ, რა იქნება“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. 22 ივნისს „ჯვაროსნები“ ჩეხეთის ნაკრებს შეხვდებიან, 26 ივნისს კი - პორტუგალიას.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.