პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი - გივი მიქანაძე
პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ფორმა ყველა ოჯახისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, რეალიზაციის პუნქტები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება. დამატებით, მშობლებს სასურველი ზომისა და მოდელის შეძენა ონლაინაც შეეძლებათ.
„სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 25 აგვისტო, მეორე ეტაპი 15 ოქტომბერი, მესამე ეტაპი 30 ნოემბერი. პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1-14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. პირველკლასელები 2026-2027 სასწავლო წელს უკვე ახალი ფორმებით შეხვდებიან.
რაც შეეხება მეორე-მეექვსე კლასების მოსწავლეებს, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ჩვენი მთავარი ამოცანაა სკოლებში ჩვენი შვილებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმა და სასკოლო ფორმა სწორედ ამ დიდი რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც მთავარი ღირებულება არის მოსწავლე, მისი განვითარება და მომავალი“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია - გივი მიქანაძე
10.08.2026.08:40
სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო შარვლის და ქვედაკაბის ღირებულება 25-25 ლარით, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.
„ფორმა ასევე უსასყიდლოდ გადაეცემა მოსწავლეებს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში და მოსწავლეებს, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხული არიან საქართველოს საჯარო სკოლებში“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განმარტა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე გამოცხადდება.
„თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე გამოცხადდება, სკოლა მშობელთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის გზით დაადგენს ამის მიზეზებს. თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომლის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება.
თითოეული ასეთი შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, ბავშვის ჯანმრთელობისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ამბობს მოსწავლე უარს სასკოლო ფორმის ტარებაზე, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.
თითოეული შემთხვევა განიხილება სკოლაში მოქმედი წესების და დისციპლინური პროცედურების ფარგლებში, მოსწავლის საუკეთესო ინტერესისა და აღმზრდელობითი მიდგომების გათვალისწინებით“, - დასძინა მიქანაძემ.