პოლონეთში “HoReCa” სექტორის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართა.
ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები “HoReCa” - სასტუმრო, რესტორანი, კაფე - სექტორიდან დაესწრნენ.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინო ხელმისაწვდომია როგორც HoReCa სექტორში, ისე ქსელურ მარკეტებსა და ღვინის მაღაზიებში.
მიმდინარე წელს პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „People PR” წარუძღვება, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან თანამშრომლობს.
სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გაიმართება; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ქართულ ღვინოსთან ერთად, წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის კულტურა, ქართული სამზარეულო; საქართველოში მოეწყობა ღვინის პროფესიონალების ტურები.
სხვა სიახლეები
რა იცვლება სათამაშო ბიზნესის მიერ ტურნირის ორგანიზების ნაწილში - დეტალები
27.10.2026.15:18
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.
მომხსენებლის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კანონპროექტები სათამაშო ბიზნესის სფეროს სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფის მიზნით მომზადდა და საერთაშორისო აზარტული ტურნირების საკითხს არეგულირებს. კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. კანონპროექტით დგინდება, რომ თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის. ცვლილებით ასევე დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც 50 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება. არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 150 ათას ლარს შეადგენს.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა პირველი მოსმენით - კანონპროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, მოქმედი რეგულაციის თანახმად, წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას კომისია უფლებამოსილია 2027 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს. კანონპროექტით, აღნიშნული თარიღი 2036 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ცვლილების თანახმად, განისაზღვრება, რომ კომისია უფლებამოსილია წყალმომარაგების შემთხვევაში 2036 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი, მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით, 2038 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს. მისი განმარტებით, ცვლილების მიზანი მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვა და ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნაა, რომელიც ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. კანონპროექტები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.