პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიურად ვმუშაობთ გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით ფრენების დანიშვნაზე - Მარიამ ქვრივიშვილი
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დღეებში საქართველოდან გერმანიის ქალაქების - დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაზრდისა და რეისების დამატების შესაძლებლობა განიხილა. ასევე განხორციელდა მოლაპარაკებები უცხოურ ავიაკომპანიებთან, რომლებიც რეისებს ახორციელებენ საქართველოსა და გერმანიის ქალაქებს შორის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყველა იმ ავიაკომპანიასთან, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, გერმანიის იმ ქალაქების მიმართულებით, ევროპის ჩემპიონატის დღეებში, ფრენები განახორციელონ, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ითამაშებს.
"პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიურად ვმუშაობთ გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით ფრენების დანიშვნაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ ჩვენი გულშემატკივრების პირდაპირი ფრენებით და ხელმისაწვდომი ფასებით გადაადგილება იმისთვის, რომ მათ შეძლონ და უგულშემატკივრონ ჩვენი ნაკრების ყოველ მომდევნო გამარჯვებას. სწორედ ამ მიზნის განხორციელებისთვის მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ყველა ავიაკომპანიასთან, რათა საქართველოს მთავრობას ჰქონდეს სწორი სამოქმედო გეგმა და ხედვა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენის სტიმულირება ხელმისაწვდომი ფასებით," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.