პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საჯარო ლექცია წაიკითხა.
მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ქვეყანაში არსებული მმართველობის სისტემისა და პოლიტიკური პროცესების შესახებ ესაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.
საჯარო ლექციის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან და უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, KIU-ს კამპუსი დაათვალიერა, რომელიც 180 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული და კომფორტულ, სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენს. უნივერსიტეტი მოიცავს თანამედროვე და უახლეს ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, კაფეტერიებს, ინტერაქტიური სწავლის მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლებისა და კვლევის ჩატარებისთვის.
პრემიერი ასევე გაეცნო KIU-ს კამპუსზე ახალი აკადემიური შენობის მშენებლობის პროცესს, სადაც აუდიტორიები, ლაბორატორიები, ადმინისტრაციული ოფისები და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება.
პარალელურად მიმდინარეობს ქუთაისის ადრონული ცენტრის მშენებლობა. ცენტრში განთავსებული იქნება ორი პროტონული ამაჩქარებელი, ანუ ციკლოტრონი, რომლებიდანაც ერთი სრულად მოემსახურება სიმსივნური დაავადებების მკურნალობას, ხოლო მეორე - ბირთვული ფიზიკისა და მაღალი ენერგიების დარგში ფუნდამენტურ კვლევებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქველმოქმედო მეგაპროექტი, რომელსაც აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, საერთო ბიუჯეტით 1 მილიარდ ევრომდე. უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის.
KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.