პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, მეფრინველეობის ფერმების მოწყობისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 280 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 2,500-ზე მეტი სესხი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მეფრინველეობის მეხორცული ფერმა „მწვანე ქვეყანა” დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მეფრინველეობის ფერმის წარმადობა 400 000 ფრთა ქათამია, პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. ფერმაში 40 ადამიანია დასაქმებული.
„მეფრინველეობის სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის. წეროვანის მეფრინველეობის ფერმაში, თანამედროვე წარმოებისთვის შესაბამისი პირობებია შექმნილი, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული მხარდაჭერა კონკრეტულ შედეგებში აისახება და ფერმერებს წარმოების გაფართოების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ფერმა „მწვანე ქვეყანა” სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2014, 2016-2021 წლებში მეფრინველეობის ფერმის მშენებლობისა და აღჭურვის, ასევე სასაკლაოს მოწყობის მიზნით შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, მეფრინველეობის ფერმების მოწყობისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 280 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 2,500-ზე მეტი სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება დაახლოებით 67 მლნ ლარია, მათ შორის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბანკების მიერ გაცემულია 5,3 მლნ ლარის ღირებულების 61 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,5 მლნ ლარს აღემატება.
ფერმაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი იმყოფებოდნენ.
სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
12.08.2026.14:20
საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს კიდევ ერთხელ ეწვია და ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.
„შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მათი ჩართულობის როლსა და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებს, მათი დანერგვის პროცესსა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გამოცდილებას.
ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და აღნიშნა, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, სანდო და გადამოწმებული ინფორმაციით უზრუნველყოფაა. მისივე თქმით, ინფორმირებული მოქალაქე უკეთ არის მომზადებული მცდარი ან მანიპულაციური ინფორმაციის ამოსაცნობად, რაც, თავის მხრივ, დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობის შემცირებას უწყობს ხელს. ამ კონტექსტში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პლატფორმის შესახებ Disinfo.cec.gov.ge-ზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ვებგვერდის საშუალებით მათ შესაძლებლობა ექნებათ, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სანდო, გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიიღონ.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ახალგაზრდების კითხვებს დაეთმო. ინტერაქციის რეჟიმში ბანაკის მონაწილეებმა ცესკოს თავმჯდომარეს სხვადასხვა საარჩევნო თემაზე არაერთი კითხვა დაუსვეს და მათზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ამგვარი ფორმატი ახალგაზრდების პოზიციების მოსმენასა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ღია და ორმხრივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას უწყობს ხელს.
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის ამაღლებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.