პროექტზე „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება - პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება
თბილისის მერიის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე - „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,
პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ეხმარება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებაში.
„ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ეძებს სამსახურს და პარალელურად, არის ბიზნესსექტორი, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები. ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობას სხვადასხვა სფეროში ახორციელებენ. გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით არის კადრების ნაკლებობა. შესაბამისად, მოქალაქეებს ვაძლებთ საშუალებას, გადამზადდნენ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, პარალელურად კი ვეხმარებით დასაქმებაში. ასევე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად ხორციელდება კურსების განახლება. მიმდინარე სემესტრში პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე - ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისზეც ისაუბრა.
„პროგრამის ფარგლებში გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე - მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას ემატება ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისი. ეს ნიშნავს, რომ წარმატებული კურსდამთავრებული გაივლის პრაქტიკას და ის იქნება ანაზღაურებადი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, გრძელდება კარიერული კონსულტირების სერვისი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე სემესტრში პროგრამის ყველა მონაწილეს გაეწევა სათანადო კარიერული კონსულტაცია.
კახა კალაძის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება მიმდინარე წლის 7 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე: www.dasakmdi.ge.
თბილისის მერმა აქვე სასწავლო ორგანიზაციებს პროგრამაში ჩართულობისა და მხარდაჭესირსთვის მადლობა გადაუხადა.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან, სწავლა კი სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.
სხვა სიახლეები
თბილისში პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი მოძრაობს, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა - კახა კალაძე
07.10.2026.11:17
თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის (ე.წ. Yellow box-ის) დანერგვის შესახებ.
როგორც კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკაში ეს არის აპრობირებული მეთოდი იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც საავტომობილო ნაკადი დიდია და მხოლოდ შუქნიშნით მოძრაობის რეგულირება საკმარისი არ არის.
„ალბათ, ყველას, ვინც საჭესთან ვართ, შევსწრებივართ შემთხვევებს, როდესაც გზაჯვარედინზე ანთებულია მწვანე, მაგრამ წინ გადაადგილება შეუძლებელია, მძღოლები მაინც ცდილობენ გზაჯვარედინზე გასვლას, ამით კი სხვა მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მძღოლებს არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს ყველა მიმართულებით. ყოველდღიურად გვხვდება მოძრაობის ასეთი ჩაკეტვა, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და პრობლემად იქცევა. შესაბამისად, ეს საჭიროებს დარეგულირებას. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შუქნიშანზე მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი, მძღოლი არ უნდა გადავიდეს გზაჯვარედინზე, თუ ის, სავარაუდოდ, გაჩერდება და დააბრკოლებს მოძრაობას, თუმცა რთულია ადმინისტრირება და ამ ნაწილში კანონის აღსრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მსგავსი პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
„საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ გზაჯვარედინებზე ძალიან კარგად მუშაობს საგზაო კვადრატების ქსელი (ე.წ. Yellow box). ბევრ ქვეყანაში ეს აპრობირებული მეთოდია იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და, შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად, პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა. ამ ტიპის პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით. შესაბამისად, მინდა, დავავალო ჩვენს სამსახურს - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, დაიწყონ მუშაობა ამ საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა დაგვეხმარება იმაში, რომ გარკვეულწილად მძღოლებს გადაადგილება შევუმსუბუქოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ისაუბრა ბოლო წლებში თბილისში გაზრდილი კერძო ავტომობილების რაოდენობის შესახებაც და აღნიშნა, რომ სტატისტიკის თანახმად, დღეს პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება.
„თბილისში ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და ქალაქში გადაადგილება, განსაკუთრებით კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში, პრობლემურია და გვაქვს საცობები. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რამდენი ავტომობილი გადაადგილდებოდა, პირობითად 2012 წლამდე, ეს იყო, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი, დღეს კი უკვე პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი მოძრაობს, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა და სერიოზული გამოწვევაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მოძრაობის განტვირთვის მიმართულებით დაწყებულია მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება - „ჭკვიანი“ შუქნიშნების დანერგვა, კონკრეტული პრობლემური არეალების მოწესრიგება, ასევე, საგზაო კვადრატების ქსელის შექმნა და ა.შ.