პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში გორში 1 300 ხე-მცენარე დაირგვება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ფარგლებში, გორის კულტურისა და დასვენების პარკის (ახალბაღის) ტერიტორიაზე 300 ძირი ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების ღონისძიებაში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მონაწილეობდა.
მინისტრის განცხადებით, პროგრამის მთავარი მიზანი ქალაქებსა და დასახლებებში ხარისხიანი რეკრეაციული სივრცეების განვითარება და ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნაა.
„პარკები და მწვანე სივრცეები მხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი. ისინი ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას, ადამიანების ურთიერთობასა და სოციალიზაციას. ამიტომ, ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში და ჩვენი შვილების მომავალში. განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ პროგრამას უკვე კონკრეტული შედეგები აქვს. პირველი პროექტი რუსთავში განვახორციელეთ, დღეს კი გორში ვართ. გორის ცენტრალური პარკი უკვე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა ათასობით ადამიანისთვის და ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მისი განვითარებისა და ბუნებრივი გარემოს განახლებისთვის. ამ პროცესს საქართველოს ყველა რეგიონში გავაგრძელებთ, რადგან გვჯერა, რომ გამწვანება და ხარისხიანი რეკრეაციული სივრცეების შექმნა სწორედ ისაა, რაც ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებს ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
დარგულ ხე-მცენარეებს შორისაა 70 ძირი ცაცხვი, 150 ძირი მელია და 80 ძირი კედარი. გორის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე რგვები შემოდგომაზეც გაგრძელდება და პარკს ჯამში 1 300 ხე-მცენარე შეემატება. მათგან დამატებით 1 000-მდე ხე-მცენარე, მათ შორის ქარსაფარი ზოლების მოსაწყობად იქნება.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეაბილიტირებული გორის ცენტრალური პარკის გამწვანება მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს ქალაქისთვის კიდევ უფრო ჯანსაღი, ეკოლოგიურად მდგრადი და მიმზიდველი გარემოს შექმნას.
გამწვანების ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის, სამინისტროს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.
პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“მიზნად ისახავს საჯარო ურბანული და სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას, ეკოლოგიური ბალანსის გაძლიერებასა და ადამიანზე ორიენტირებული, ხარისხიანი გარემოს შექმნას. პროგრამის ფარგლებში უკვე შეძენილია 15 500 მერქნიანი, მარადმწვანე და ფოთლოვანი დიდვარჯიანი ნერგი, რომლებიც ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაირგვება.
ამ დროისთვის, პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უკვე 1 500-მდე ხე-მცენარეა დარგული.
სხვა სიახლეები
საქართველოს უზბეკეთთან, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობა აკავშირებს - ავთანდილ კასრაძე
02.07.2026.17:23
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე უზბეკეთის რესპუბლიკის IT პარკის აღმასრულებელ დირექტორს ჯახონგირ რადჯაბოვს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები სტარტაპ-ეკოსისტემის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პროგრამული უზრუნველყოფისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პარკის ადმინისტრაციას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას, ორ ქვეყანას შორის ინოვაციური ეკოსისტემების დაკავშირებას, სტარტაპების ორმხრივ თანამშრომლობასა და საერთაშორისო გაფართოების ხელშეწყობას.
„ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითა და ბიზნესის გაფართოების კუთხით, უზბეკეთი ქართული სტარტაპებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბაზარია. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებთან ამ მიმართულების თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს სტარტაპებს წვდომა ჰქონდეთ იმ სახელმწიფო სერვისებზე, რომელსაც მათ უზბეკეთის მთავრობა სთავაზობს“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.