ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
მიმდინარე წლის 13 იანვარს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
სუს-ის ინფორმაციითვე, ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
„უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
უკანონოდ დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით სახელებისა და გვარების დასახელებისგან და სხვა დეტალების გასაჯაროებისგან, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა.
არსებული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს რკინიგზამ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
25.07.2026.16:19
საქართველოს რკინიგზამ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტის საერთო ღირებულება 350 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში და დაახლოებით 1 მლრდ ლარს შეადგენს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზა ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელმავლებს პირველად შეისყიდის.

პროექტი „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში და მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური სატვირთო ელმავლების პარკის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპლუატაციის ვადა იწურება. ახალი ელმავლების შესყიდვით კომპანია განაახლებს სალოკომოტივო პარკს, გაზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობასა და საიმედოობას, რაც მას მზარდი სატვირთო ნაკადების უფრო ეფექტიანად მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.
ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის გრძელვადიანი განვითარების ხედვის, მათ შორის 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის, პრაქტიკული განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის განვითარებისთვის.
ახალი ელმავლები ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კვანძის, კონკურენტუნარიანობის ზრდას.
სატენდერო პროცესს საქართველოს რკინიგზა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად ახორციელებს.
ახალი ელმავლების შესყიდვასთან ერთად, პროექტი ხაშურში, საქართველოს რკინიგზის კუთვნილ ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელმავლების ტექნიკური მომსახურების ახალი დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია საკუთარი ხარჯებით დააპროექტებს, ააშენებს და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფს ახალ დეპოს.