ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია სწორედ ვენახის ხარისხზე - ლევან მეხუზლა
„სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას. ვისაც ვენახი უკვე გაშენებული აქვს, მათზე ეს რეგულაცია არ გავრცელდება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება, რაც განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი.
პარლამენტის მიერ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, 1 მაისამდე შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტი, სადაც გაიწერება წარმოსადგენი დოკუმენტაცია.
„ვაზს ჩვენ ვუტოვებთ მომავალ თაობას, ამიტომ ვენახი გათვლილი უნდა იყოს მრავალწლიან ინვესტიციაზე. ფერმერს დაცული უნდა ჰქონდეს აგროტექნიკური მახასიათებლები, ჯიშობრივი სიწმინდე, ვენახის გაშენების ტექნოლოგია-ტექნიკა; გადამწყვეტია ნიადაგი და ადგილი, სადაც ვაშენებთ ვენახს, რადგან სწორედ ადგილწარმოშობა განსაზღვრავს ღვინის ხარისხს. მსგავსი რეგულაცია დიდი ხანია მოქმედებს ევროპის მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში. ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია სწორედ ვენახის ხარისხზე“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, ვერ მოახდენს კომერციული მიზნით ყურძნის ან ღვინის რეალიზაციას. ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.
სხვა სიახლეები
მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს, ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი | ლევან დარსალია
11.09.2026.21:57
„ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება. ამ პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის იქნება მიწოდებული ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის წარმოდგენილი იქნება მთის ინტერაქციული რუკები, სადაც პოტენციური დამსვენებელი შეძლებს ნახოს, თუ რომელი ტრასა და საბაგირო არის გახსნილი, რა სიგრძისა და სირთულისაა ტრასები - მიიღოს ყველანაირი დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, ე.წ ლაივკამერებით შეძლებს კურორტისთვის თვალყურის დევნებას. ეს ვებგვერდი უკვე მუშავდება და სეზონის დაწყებამდე სატესტო რეჟიმში გაეშვება“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.
მისივე თქმით, „ემ თი ეი“-მ წელს გუდაურში დამწყები მოთხილამურეებისთვის სასრიალო არეალის განვითარება გადაწყვიტა. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო - ჯამური სიგრძით 1 400 მეტრი - და 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა მონტაჟდება.
„ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენი ვიზიტორების 35-დან 40 პროცენტამდე დამწყებია და, შესაბამისად, არეალის მოწყობა გვინდა ზუსტად დამწყები მოთხილამურეებისთვის, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი მომხმარებლების ბაზის გასაზრდელად. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.
ლევან დარსალიას თქმით, „ემ თი ეი“ წელს ამატებს ონლაინ გადახდის ფუნქციას. ახალი პლატფორმების საშუალებით დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აბონემენტები მთის ტრასების სააგენტოს ვებ-გვერდიდან შეიძინონ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც და მისი მეშვეობით გვინდა, რომ მომავალი სეზონისთვის დავნერგოთ ციფრული აბონემენტის პროდუქტი. შესაბამისად, „ემ თი ეი“-ს ამ აპლიკაციის მეშვეობით დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება, სერვისები, რომლებიც ვებგვერდზეა, ბევრად უფრო მოხერხებულად გამოიყენოს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, არა მხოლოდ სერვისების გაუმჯობესებისთვის, არამედ ჩვენი საოპერაციო ეფექტურობის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.