ქართული ღვინო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბურ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ღვინის, საკვების, ალკოჰოლური სასმელებისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში „Wine Vision by Open Balkan 2026“ ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა.
აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მასში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას, საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას.
გამოფენა ბელგრადში ყოველწლიურად იმართება და ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა. მასში ტრადიციულად მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 500-მდე მწარმოებელი იყრის თავს. ის არის უნიკალური სივრცე ღვინის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, დისტრიბუტორებისთვის და იმპორტიორებისთვის ახალი პარტნიორული კავშირების დასამყარებლად.
გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე დაესწრო.
ქართველმა მწარმოებლებმა გამოფენაში „Wine Vision by Open Balkan 2026“ მონაწილოების მისაღებად მხარდაჭერა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობას ასევე ახორციელებს სერბეთის რესპუბლიკაში.
ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და მისი საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, რაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
სენაკის ტექნოპარკში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ჰაკათონი გაიმართა
15.10.2026.11:22
სენაკის ტექნოპარკში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ჰაკათონი გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
ჰაკათონში სტარტაპმა CIRCULOUS გაიმარჯვა და მას სააგენტოსგან ინოვაციური პროექტის განვითარებისთვის 10,000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.
ჰაკათონის მიზანი იყო საქართველოში გარემოს დაცვის სექტორში გამოწვევების გამოვლენა, მათი გადაწყვეტის პროცესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. ჰაკათონში 60-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა. ფინალში საკონკურსო კომისიამ 19 პროექტი განიხილა.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ: Tegeta Green Planet, Westless, ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების მართვის ასოციაცია (CERMA), Luxon Power, Esco-S, PMCG, Eco-life Consulting Group. მათ რჩეულ გუნდებს სპეციალური პრიზები გადასცეს.
გამარჯვებული პროექტის ავტორებმა კომპანიებისგან შეთავაზებები მიიღეს სამომავლო თანამშრომლობისა და ჰაკათონის დროს შექმნილი პროექტების ტესტირებისა და პრაქტიკაში დანერგვის შესახებ.