ქართული ინოვაციური ბიზნესის გლობალური ინტეგრაცია ჩვენი პრიორიტეტია - ავთანდილ კასრაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ტექნოპარკში, სტარტაპებთან შეხვედრა - ScaleUP from Georgia გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხელმძღვანელი პირებისგან საერთაშორისო გამოფენებისა და პლატფორმების შესახებ მიეღოთ ინფრომაცია.
როგორც GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სისტემურად უჭერს მხარს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას, სადაც ქართულ სტარტაპებს აქვთ წვდომა გლობალურ ცოდნაზე, პარტნიორებსა და ბაზრებზე.
“ ScaleUP from Georgia სწორედ ამ მიზანს ემსახურება — დავეხმაროთ მეწარმეებს სწორად გაიგონ საერთაშორისო შესაძლებლობები, მოემზადონ კონკურენციისთვის და სახელმწიფოს მხარდაჭერით უფრო სწრაფად გახდნენ გლობალური მოთამაშეები. ასეთი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას არა მხოლოდ გავუზიაროთ მათ ინფორმაცია, არამედ მოვისმინოთ სტარტაპების რეალური საჭიროებები და მათზე მორგებული პოლიტიკა შევქმნათ. ჩვენი პრიორიტეტია ქართული ინოვაციური ბიზნესის გლობალური ინტეგრაცია და მთავარი ამოცანა, საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ჰაბად ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობისთვის.” - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებსა და სტარტაპებს შორის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში. ღონისძიების სტუმრებმა მოისმინეს ასევე პრეზენტაცია ქართველი სტარტაპებისთვის ხელმისაწვდომ საერთაშორისო შესაძლებლობებზე, მათ შორის, GITA-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებსა და ტექნოლოგიურ ღონისძიებებზე. ასევე გაიმართა დიალოგი სტარტაპების საჭიროებების შესახებ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.