ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაფინანსების პროცესი ახალ ეტაპზე გადადის
“მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის და უკვე მომავალი წლის ბოლოსთვის სამშენებლო სამუშაოების აქტიურად დაწყებას შევძლებთ. პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების, ისე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისთვის. ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობასთან ერთად, ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მოწყობა აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ერთიან სისტემაში მოაქცევს. საბოლოოდ, მივიღებთ ოთხზოლიან მაგისტრალს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში გადაადგილებას, გაზრდის მობილობას და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ეფექტიანობას’’-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.
ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაფინანსებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის და ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე შეჯამდა აზიის განვითარების ბანკის მისიის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები, რომლებიც ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაფინანსების მომზადებას ემსახურებოდა. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ პროცესი დაფინანსების გაფორმების ეტაპზე გადავა.
აზიის განვითარების ბანკის მისიის ფარგლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტთან სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური პარამეტრები, დაფინანსების პირობები, განხორციელების გრაფიკი და შესყიდვების პროცედურები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეტალურ საინჟინრო პროექტს, საგზაო უსაფრთხოებას, ხარჯთაღრიცხვას, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს, ასევე პროექტის განხორციელებისთვის მზადყოფნის შეფასებას. მისიის წარმომადგენლებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად ქობულეთის შემოვლითი გზის საპროექტო ტერიტორია დაათვალიერეს.
ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებასა და საგზაო უსაფრთხოების ამაღლებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც აჭარის რეგიონთან სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის, ისე აღმოსავლეთ–დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის.
შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, მისი მოადგილეები დავით გეწაძე და სალომე წურწუმია ესწრებოდნენ. ADB-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ოპერაციების ხელმძღვანელი ანდერს პეტერსონი, ტრანსპორტის მთავარი სპეციალისტი ნიკოლას დეი კასტელი და ტრანსპორტის სპეციალისტი არუნა ნანაიაკარა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი დაიწყო
13.10.2026.16:01
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ - ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, „McDonald’s საქართველოს“ ადამიანური რესურსების მართვის გუნდის წევრებს შეხვდნენ და ამ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობებს გაეცნენ.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პირველკურსელებმა პირველწყაროდან შეიტყვეს, თუ როგორ შეიძლება სწავლის პარალელურად ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში წარმატებული კარიერის დაწყება.
შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი და კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე. კომპანიის მხრიდან კი სტუდენტებს HR გუნდის წევრი ნათია კელაპტრიშვილი „McDonald’s საქართველოში“ დასაქმების ახალგაზრდებზე მორგებული სქემების, მოქნილი შეთავაზებებისა და ორმხრივი სარგებლის შესახებ ესაუბრა.
კომპანიის წარმომადგენელმა პირველკურსელებს ვრცლად გააცნო ორგანიზაციის შიდა კორპორაციული კულტურა, კარიერული ზრდის ეტაპები და ის უპირატესობები, რასაც ბრენდი საკუთარ გუნდს სთავაზობს. მან ხაზი გაუსვა, რომ კომპანია დიდ ინვესტიციას დებს ახალგაზრდა კადრების პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებში. სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ვაკანტური პოზიციების, შერჩევის ეტაპებისა და იმ სოციალური პაკეტების შესახებ, რომლებიც თანამშრომლებისთვისაა ხელმისაწვდომი. ნათია კელაპტრიშვილმა აღნიშნა, რომ „McDonald’s“-ი ბევრი წარმატებული პროფესიონალისთვის სწორედ ის პირველი საფეხური აღმოჩნდა, რომელმაც მათ მყარი პრაქტიკული გამოცდილება შესძინა.
სტუ-ის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის, ასოცირებულ პროფესორ ნატო ქათამაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერესი „McDonald’s საქართველოსთან“ მიმართებით არის ის, რომ კომპანია სტუდენტებს სთავაზობს მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლებასთან სრულად თავსებადია.
„საუნივერსიტეტო პროექტის - „დასაქმება სწავლის პარალელურად“ ფარგლებში დამსაქმებლებთან ახალ, 2026-2027 სასწავლო წლის შეხვედრების სეზონს დიდი ენთუზიაზმით ვიწყებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავეხმაროთ სტუდენტებს მათთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო ადგილების მოძიებაში, რაც მათ ნამდვილად ღირებულ პრაქტიკულ გამოცდილებას შესძენს. ამჯერად ჩვენი სტუმრები „McDonald’s საქართველოს“ წარმომადგენლები არიან, რომლებიც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პირველკურსელებს შევახვედრეთ. პირველკურსელთა ჩართულობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში განპირობებულია იმით, რომ კომპანია მათ ზუსტად მათზე მორგებულ, რამდენიმესაათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობს. მიგვაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა წარმატებულ სწავლასთან ერთად, პირველი ნაბიჯები კარიერულ გზაზეც გადადგან“, - აღნიშნავს ნატო ქათამაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქციულ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა აქტიურად დასვეს კითხვები ანაზღაურების, გრაფიკის შეთავსებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. „McDonald’s საქართველოს“ HR გუნდის წევრებმა თითოეულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს და ახალგაზრდებს პრაქტიკული რჩევებიც გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს კი, სტუმრებმა პირველკურსელებს, კომპანიის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.