ქუთაისი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია და ჩვენი მთავრობა ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს და გეგმავს ქუთაისში - რევაზ სოხაძე
ქუთაისი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია და ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს და გეგმავს ქუთაისში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერში“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მან სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემებზე, ასევე ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა პროექტზე ილაპარაკა.
„რაც შეეხება სანიაღვრე სისტემებს, ბევრი პრობლემა, რომელიც იყო დასახელებული, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება. თუმცა, არ ვიხსნით პასუხისმგებლობას და ამ პროცესებში აქტიურად ჩავერთვებით. მოქალაქისთვის მთავარია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და ვინ მოაგვარებს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
საკანალიზაციო სისტემებზეც იყო ლაპარაკი. ჩემი მოადგილის, გიორგი კობერიძის ინიციატივა იყო და ეს არის ნამდვილად სწორი და პროფესიული მიდგომა, რომ პრემიერის დავალებით, როგორც აღვნიშნე, ყველა ქალაქსა და დაბაში უნდა გავაკეთოთ საკანალიზაციო სისტემები. პარალელურად, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სანიაღვრე სისტემები იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში თავად საკანალიზაციო სისტემების მუშაობას ექმნება საფრთხე. ამიტომ ჩვენ სადაც შევალთ, საფუძვლიანად შევალთ, საფუძვლიანად გავაკეთებთ კანალიზაციას და ქუთაისში, მათ შორის დონორების დაფინანსებით, უახლოეს პერიოდში უნდა დავიწყოთ საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება. გამწმენდ ნაგებობაზე უკვე გამოვლენილია კონსორციუმი, უახლოეს პერიოდში მშენებლობა დაიწყება და ბუნებრივია, მოვაწესრიგებთ სანიაღვრე სისტემასაც.
ქუთაისში თანამედროვე ტექნოლოგიების ჰაბის, ყოფილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უზარმაზარი რეკრეაციული სივრცე კეთდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ რეგიონისთვის. აქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის სასახლე უნდა აშენდეს. ახლა მიმდინარეობს რამდენიმე რეკრეაციული სივრცის მოწესრიგება, - განაცხადა მინისტრმა.
მან ქუთაისის ბიბლიოთეკის შესახებაც ილაპარაკა.
„ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკა აქვთ როგორც ფონდის თვალსაზრისით, ასევე შენობაც უნიკალურია. მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაიწყო ამ შენობის რეაბილიტაცია, კონტრაქტორი მუშაობს. გვაქვს გარკვეული პრობლემები კომერციულ ფართებთან დაკავშირებით. თუმცა ამასაც მოვაგვარებთ. მე კარგად მახსოვს დირექტორის სიტყვები, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს ამ ბიბლიოთეკას და ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმული იყო იმისათვის, რომ რაც შეიძლება, სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთოთ ეს პროექტი, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ოფშკვითის სკოლის შესახებ თქვა, რომ განათლების სამინისტროს ძველ კონტრაქტორთან გარკვეული დავა აქვს.
„თუმცა წლის დასაწყისში დავიწყებთ ამ სკოლის მშენებლობის პროცესს“, - დასძინა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
სამინისტროს სისტემაში წელს 8.5 მილიარდ ლარზე მეტის 400-ზე მეტი ტენდერი უკვე გამოცხადებულია - რევაზ სოხაძე
19.10.2026.09:00
“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, მიმდინარე წელს, უკვე გამოცხადებულია 400-ზე მეტი ტენდერი, რომელთა საერთო ღირებულება 8.5 მილიარდ ლარს აღემატება”,- ამის შესახებ მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე, დამატებით, კიდევ დაახლოებით 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტების გამოცხადება იგეგმება, რაც ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული განვითარების ტემპს კიდევ უფრო გაზრდის.
„ამ სამუშაოების შედეგებს მოსახლეობა უკვე მომავალი წლიდან იგრძნობს. მნიშვნელოვანი პროექტები ერთდროულად იწყება როგორც საგზაო, ისე სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით,“ – განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სარფის გვირაბის მშენებლობა, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას სარფთან დააკავშირებს და ტრანზიტულ მოძრაობას გონიოსა და ტურისტული ზონისგან განტვირთავს. ასევე დაგეგმილია ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მოწყობა.
მინისტრის თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის დამაკავშირებელი გზის პროექტი, სამტრედია-ზუგდიდის ოთხზოლიანი მაგისტრალის პროექტირება, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის კი რამდენიმე მონაკვეთზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები.
“უახლოეს პერიოდში დაიწყება რუსთავის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის 3.6-კილომეტრიანი მონაკვეთი წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. პარალელურად, დასკვნით ეტაპზეა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს გზების სატენდერო პროცედურები და გამარჯვებული კომპანიები უახლოეს პერიოდში გამოვლინდება”,- აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ კახეთის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საგარეჯო-ბადიაურის გზა ყველა გამოვლენილი ხარვეზის სრულად გამოსწორების შემდეგ გაიხსნება.
„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია. გვირჩევნია, გზა ოდნავ გვიან გაიხსნას, მაგრამ იყოს სრულად გამართული, უსაფრთხო და მაღალი სტანდარტის,“–განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.