ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის პოზიციაზე ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა. ვახტანგ ცაგარელი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში წარმატებით უძღვებოდა უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებს და, ამავდროულად, ხელმძღვანელობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს.
მან, როგორც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორმა, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა KIU-ს კონცეფციის შემუშავებასა და მისი ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში.
ვახტანგ ცაგარელს წარჩინებით აქვს დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ფიზიკის მაგისტრის ხარისხს ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულის ფიზიკის სპეციალობით. თსუ-ს დასრულების შემდეგ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრა გერმანიაში, ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც გაიარა სასწავლო კურსი გამოყენებითი ელექტროდინამიკის მიმართულებით.
2006-2007 წლებში იმყოფებოდა ჩრდილოეთ კაროლინისა და მასაჩუსეტსის შტატებში (აშშ). Research Triangle Park-სა და ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პროგრამა, ხოლო მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში გავლილი აქვს სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპრეს პროგრამა. სასწავლო კურსით ასევე იმყოფებოდა ჩეხეთში, პრაღის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში, რის შემდეგ კარიერული განვითარება კვლავ განაგრძო შეერთებულ შტატებში.
მან ბოსტონის მასაჩუსეტსის გენერალურ ჰოსპიტალში (MGH) დაასრულა უმაღლესი დონის სამედიცინო-რადიაციული უსაფრთხოების სასწავლო კურსი, მსოფლიოს წამყვანი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (Harvard Medical School) მხარდაჭერით. არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) SEEIST პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში. გავლილი აქვს ევროპის მენეჯმენტის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების კურსი.
ვახტანგ ცაგარელი, როგორც ახალგაზრდა მკვლევარი, მეცნიერი და პროექტ მენეჯერი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში, კომერციულ კომპანიებში. იყო ინტერნეტ პროვაიდერ „Geonet“-ის ტექნიკური დირექტორი, ტექნოლოგიური კომპანია INT Communications-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი. 2008-2016 წლებში იგი მუშაობდა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტში – Huawei, სადაც იკავებდა საქართველოს წარმომადგენლობის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელისა და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციას.
2017 წლიდან პროექტების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში – „ქართუ“, რის პარალელურად ხელმძღვანელობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და ქუთაისის ადრონულ ცენტრს. ქალაქ ქუთაისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას მინიჭებული აქვს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ვახტანგ ცაგარელს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.