ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ერთიანდება განვითარების სრული გზა: ინტერესიდან- ინოვაციურ ბიზნესამდე - ავთანდილ კასრაძე
„ქალაქ ქუთაისმა ახალი ფუნქცია შეიძინა და გახდა ადგილი, სადაც ერთ მისამართზე ერთიანდება განვითარების სრული გზა: ინტერესიდან — უნარამდე, უნარიდან — პროტოტიპამდე, პროტოტიპიდან — ინოვაციურ ბიზნესამდე” - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდნენ.
მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის პოზიციის გაძლიერებას.
ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში არსებულ ინტერაქციულ-სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუზეუმის მისიაა ადამიანების შთაგონება ექსპერიმენტისთვის, სამყაროს გასაგებად და პასუხისმგებლიანი მოქმედებისთვის.
„ბავშვს, მოსწავლეს, მშობელს, სტუდენტს, მასწავლებელს და ნებისმიერ ვიზიტორს, მეცნიერებასთან პირველი შეხება აღარ ექნება მხოლოდ წიგნიდან. მას შეეძლება საკუთარი ხელით გამოსცადოს მოძრაობა, ხმა, სინათლე, ძალა, ენერგია, ლოგიკა, ელექტროობის ძირითადი პრინციპები. ასეთ სივრცეში ცნობისმოყვარეობა აღარ არის აბსტრაქტული სიტყვა — ის გარდაიქმნება გამოცდილებად.“ - აღნიშნა GITA - ს თავმჯდომარემ.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ინტერაქციული, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში. მუზეუმის კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე სამეცნიერო ცენტრების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ვიზიტორებს მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობას ინტერაქციული ექსპერიმენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით სთავაზობს. პირველ ეტაპზე, მუზეუმში წარმოდგენილია 50 თანამედროვე ექსპონატი, მათ შორის ნაწილი შერჩეული და დამზადებულია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პოლონეთის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით. ექსპოზიცია აერთიანებს ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის, მექანიკის, ოპტიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ასტრონომიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემატიკას.
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ასევე განთავსდა TUMO-ს ცენტრი — მსოფლიოში აღიარებული კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც უკვე მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქალაქში წარმატებით ფუნქციონირებს. როგორც ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, მოდელი აერთიანებს თვითსწავლებას, ვორქშოპებს და პროექტულ ლაბებს და ამ ყველაფერს აწყობს პერსონალურ სასწავლო გზად.
TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ცენტრი ახალგაზრდებს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც აერთიანებს პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიდეოწარმოებასა და სხვა ციფრულ დისციპლინებს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა არის სრულიად უფასო და ექსკლუზიურად 12-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის.
სხვა სიახლეები
სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას - დავით სონღულაშვილი
09.09.2026.18:33
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან ერთად, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა.
ვეტერან ფერმერებს 20 ერთეული ხელის ტრაქტორი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით გადაეცათ.
დავით სონღულაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს და TİKA-ს, ვეტერანი ფერმერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ვეტერანი ფერმერების ღვაწლი და მათ მიერ ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახური, ჩვენი ხელისუფლებისთვის მუდმივი ყურადღებისა და ზრუნვის საგანია. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ფერმერების, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემა ვეტერანი ფერმერების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) შორის პარტნიორობა, 2017 წელს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, თურქული მხარის ხელშეწყობით, ვეტერანებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მიმართულებებით.