ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმოს კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრში მიღება იწყება - 12-18 წლის მოზარდებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმოს (TUMO) კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრი ახალგაზრდების პირველ ნაკადს მიიღებს. 12-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ხოლო სასწავლო პროცესი სექტემბრის ბოლოს დაიწყება.
თუმო არის ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. ცენტრი მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, თანამედროვე, ტექნოლოგიურ და შემოქმედებით გარემოში შეისწავლონ კრეატიული ინდუსტრიები და ციფრული ტექნოლოგიები.
„თუმო ქუთაისი“ პირველი თუმოს ცენტრია საქართველოში, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდა. აღსანიშნავია, რომ სწავლა სრულად დაფინანსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საქართველოს ბანკის მიერ.
სასწავლო პროცესი ითვალისწინებს პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებში მუშაობას, რაც თითოეულ სტუდენტს საშუალებას აძლევს, საკუთარი ინტერესებისა და განვითარების ტემპის შესაბამისად დაგეგმოს სასწავლო გზა და იმუშაოს რეალურ პროექტებზე.
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, 3D მოდელირება, ფოტოგრაფია, კინოგადაღება, რობოტიკა, თამაშების შექმნა, ანიმაცია, მუსიკა, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (Generative AI) და ხატვა.
რეგისტრაციისთვის შერჩევის კრიტერიუმი არ მოქმედებს, რეგისტრირებულთაგან პირველი 600 მოზარდი ავტომატურად ჩაირიცხება პროგრამაში.
ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე: https://tumo.ge/kutaisi/join/
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ასევე ადგილზე, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-დან 17:00 საათამდე, თუმოს სივრცეში. რეგისტრაციისთვის აუცილებელია მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრება. მოზარდმა უნდა იქონიოს პირადობის ან დაბადების მოწმობა, ხოლო მშობელმა ან მეურვემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სხვა სიახლეები
11 აგვისტოს 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
10.08.2026.21:46
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.