ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ახალი შესაძლებლობლების ადგილი სრულიად საქართველოსთვის და რეგიონისთვის - ავთანდილ კასრაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, უახლოეს მომავალში საზეიმოდ გაიხსნება და ქალაქ ქუთაისს უნიკალური დანიშნულების და მასშტაბის ფუნქცია შეემატება.
„ქუთაისის ჰაბი გახდება ჩვენი ტექნოლოგიური მომავლის მნიშვნელოვანი ცენტრი. ეს იქნება ახალი შესაძლებლობლების ადგილი არამხოლოდ იმერეთის მოსახლეობისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის და რეგიონისთვის“ - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ავთანდილ კასრაძემ ასევე ისაუბრა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტზე და აღნიშნა, რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ამ ეტაპზე 13 სტარტაპს აქვს მიღებული, დამატებით ორზე კი დადებითი რეკომენდაცია პროცედურის შესაბამისად, გადაგზავნილია საქართველოს მთავრობაში საბოლოო გადაწყვეტილებისთვის.
ავთანდილ კასრაძემ საერთაშორისო პარტნიორობების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტექნოლოგიური მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობს ორ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ სახელმწიფოსთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან. მისივე თქმით, გარდა ამისა, GITA - ს მთავარი ფოკუსი მიმართულია და აქტიური მუშაობაც მიმდინარეობს რეგიონის ქვეყნებთან, რათა მთელი რეგიონი გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ფონდებისთვის.
სხვა სიახლეები
მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს, ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი | ლევან დარსალია
11.09.2026.21:57
„ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება. ამ პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის იქნება მიწოდებული ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის წარმოდგენილი იქნება მთის ინტერაქციული რუკები, სადაც პოტენციური დამსვენებელი შეძლებს ნახოს, თუ რომელი ტრასა და საბაგირო არის გახსნილი, რა სიგრძისა და სირთულისაა ტრასები - მიიღოს ყველანაირი დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, ე.წ ლაივკამერებით შეძლებს კურორტისთვის თვალყურის დევნებას. ეს ვებგვერდი უკვე მუშავდება და სეზონის დაწყებამდე სატესტო რეჟიმში გაეშვება“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.
მისივე თქმით, „ემ თი ეი“-მ წელს გუდაურში დამწყები მოთხილამურეებისთვის სასრიალო არეალის განვითარება გადაწყვიტა. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო - ჯამური სიგრძით 1 400 მეტრი - და 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა მონტაჟდება.
„ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენი ვიზიტორების 35-დან 40 პროცენტამდე დამწყებია და, შესაბამისად, არეალის მოწყობა გვინდა ზუსტად დამწყები მოთხილამურეებისთვის, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი მომხმარებლების ბაზის გასაზრდელად. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.
ლევან დარსალიას თქმით, „ემ თი ეი“ წელს ამატებს ონლაინ გადახდის ფუნქციას. ახალი პლატფორმების საშუალებით დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აბონემენტები მთის ტრასების სააგენტოს ვებ-გვერდიდან შეიძინონ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც და მისი მეშვეობით გვინდა, რომ მომავალი სეზონისთვის დავნერგოთ ციფრული აბონემენტის პროდუქტი. შესაბამისად, „ემ თი ეი“-ს ამ აპლიკაციის მეშვეობით დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება, სერვისები, რომლებიც ვებგვერდზეა, ბევრად უფრო მოხერხებულად გამოიყენოს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, არა მხოლოდ სერვისების გაუმჯობესებისთვის, არამედ ჩვენი საოპერაციო ეფექტურობის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.