ქუთაისში №14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისში №14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი გაეცნენ.
100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. შენობაში გათვალისწინებულია ბავშვების განათლების, განვითარების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ყველა სივრცე და ინფრასტრუქტურა.
საბავშვო ბაღში, სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად, მოეწყობა სათამაშო და რეკრეაციული ზონები, კეთილმოწყობილი ეზო და საბავშვო მოედნები, რაც ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
11 აგვისტოს 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
10.08.2026.21:46
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.