ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სრულდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოების დასკვნით ეტაპს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი გაეცნენ.
„150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.
გარდა ამისა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოში კი მოეწყობა სათამაშო მოედანი.
სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
შენობა უზრუნველყოფილია გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებით.
ქუთაისის №28 საჯარო სკოლა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახლდა. პროექტის ღირებულება 3.5 მლნ ლარია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ComCom-ის თავმჯდომარემ WSIS 2026 სამიტში მიიღო მონაწილეობა
09.07.2026.10:51
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ ComCom-ის დელეგაციასთან ერთად, ჟენევაში გამართულ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 2026 წლის ფორუმსა და “AI for Good” გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიება ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), გაეროს სააგენტოებისა (UNESCO, UNCTAD, UNDP) და შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებებში კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ნინო გრძელიშვილმა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
„აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, 120-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 2025 წლის WSIS+20 ფარგლებში მიღებული რეზოლუციით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესი შეაფასეს და მიმოიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: უნივერსალური დაკავშირებადობა, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურა, კიბერუსაფრთხოება, ციფრული ინკლუზია, ონლაინ სივრცეში არსებული რისკები, დეზინფორმაცია, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მომხმარებლებსა და ადამიანებზე ორიენტირებული ციფრული მომავალი და სხვა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ მონაწილეობა მიიღო მარეგულირებელი ორგანოების თავმჯდომარეების მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაც მარეგულირებლების 26-ე გლობალური სიმპოზიუმის დროს მიღებული საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპების (GSR-26 Best Practice Guidelines) პრაქტიკაში დანერგვა და მმართველობის ინოვაციური სტრატეგიების შემუშავება იყო. ComCom-ის თავმჯდომარემ ასევე შეხვედრა გამართა ნელე ლეოსკისთან, რომელიც ესტონეთის სახელით, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) განვითარების ბიუროს დირექტორობის კანდიდატია.
WSIS ფორუმის ფარგლებში, კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) სახელით მონაწილეობა მიიღო ციფრული რეგულირების ქსელის (DRN) თანაორგანიზებით გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომელიც 5G ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული უნარებისა და განათლების, ასევე ახალი და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განხილვას დაეთმო.
ეკატერინე იმედაძე მომხსენებლის სტატუსით შეუერთდა და საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა ასევე მაღალი დონის „ლიდერების TalkX“ სესიაზე, რომლის ფარგლებშიც მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ერთმანეთს ტექნიკური ექსპერტიზა და საერთაშორისო, ეროვნული და ინსტიტუციური პრაქტიკა გაუზიარეს, ასევე განიხილეს ციფრული ტრანსფორმაციის ხელშემწყობი, სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოები და იმსჯელეს ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა: ციფრულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, ონლაინ გარემოში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სხვა.
კომისიის წევრი ასევე სიტყვით წარდგა GovStack-ის ციფრული ლიდერების ფორუმზე, რომელიც მიზნად ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, ქალთა როლის გაძლიერების საკითხების მიმოხილვას ისახავს. ამასთან, ComCom-ის წევრმა მონაწილეობა მიიღო ქალი მინისტრებისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ლიდერი ქალების სესიაშიც, რომელიც გენდერული და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრისა და ქალთა შესაძლებლობების განვითარების საკითხებს მიეძღვნა.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტი (WSIS) წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის მთავრობების, მარეგულირებლების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიურ წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ლიდერებს აერთიანებს. სამიტი მიზნად ისახავს, 2003 წლის ჟენევის სამოქმედო გეგმისა და გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის (SDG) ფარგლებში ITU-ს წევრი სახელმწიფოების მიერ მიღწევების, ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას და ასევე საერთაშორისო ციფრული თანამშრომლობის ხელშეწყობას. მიმდინარე წლის WSIS-ის ფორუმი ITU-ს 2026 წლის “AI for Good” საერთაშორისო სამიტსა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ორგანიზებული ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ საერთაშორისო დიალოგთან ერთად გაიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.