ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, სამხრეთ კავკასიაში უნიკალური ტექნოლოგიური ჰაბი იქმნება - ავთანდილ კასრაძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. როგორც ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, როგორც საინჟინრო კომუნიკაციების, ასევე მოპირკეთების ნაწილში.
„თითქმის დასრულებულია გარე პერიმეტრის მოწყობა, დამონტაჟებულია განათება, რომელიც შენობას კიდევ უფრო თვალწარმტაც იერს შესძენს, შიდა სარემონტო სამუშაოებიც აქტიურ ფაზაშია. დიდი პასუხისმგებლობით ვემზადებით, რომ ეს უნიკალური სივრცე უახლოეს მომავალში გახდეს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის.“ - განაცხადა GITA - ს თავმჯდომარემ.
ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზეც ისაუბრა.
“გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, სამხრეთ კავკასიაში უნიკალური ტექნოლოგიური ჰაბი იქმნება. ეს იქნება მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ ინტერაქციულ-ტექნოლოგიურ მუზეუმს, ტექნოლოგიურ პარკს, სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიებს, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ სასწავლო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც სკოლის მოსწავლეების, ისე ნებისმიერი ასაკის ადამიანის მომზადებას საერთაშორისოდ აღიარებულ, პრესტიჟულ პროფესიულ მიმართულებებში. ჰაბში განთავსებული იქნება ასევე ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, რომელიც უდიდეს წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, ეკონომიკისა და ქართული ბიზნესის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებაში.”- აღნიშნა ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმისთვის დასრულდა ინტერაქტიული ექსპონატების მოწოდება. მონტაჟი მუზეუმის სივრცის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ იგეგმება.
პარალელურად, პროექტის განვითარების პროცესში ,ეტაპობრივად, ხდება ჰაბისთვის განკუთვნილი ავეჯის, აუდიო-მედია ტექნიკის, სხვადასხვა ტექნოლოგიური ლაბორატორიების დანადგარებისა და მოწყობილობების, ინსტრუმენტების მოწოდება. სამრეწველო ინოვაციებისა (FabLab) და 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, STEAM, IoT, ვირტუალური რეალობის სტუდია და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის, მრავალმხრივი ექსპერიმენტების ჩატარებისა და ინოვაციური და ტექნოლოგიური პროტოტიპების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება ტექნოლოგიური პარკი, სხვადასხვა მიმართულების ტექნოლოგიური ლაბორატორიები, co-working და მრავალფუნქციური საკონფერენციო სივრცე, რომელიც გათვლილია 400 ვიზიტორზე, ინტერაქტიულ- სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, IT და ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები და TUMO-ს კრეატიული ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც გააერთიანებს 11 მიმართულებას.
დასრულების ეტაპზეა შენობის ფიბრო-ბეტონის სახურავზე ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუდმივი მედია განათების ინსტალაციის მოწყობა 3D projection mapping მეთოდით, რომელთან ინტერაქციაც შესაძლებელი იქნება სპეციალურად შექმნილი software-ის მეშვეობით.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი მიზნად ისახავს ინოვაციების, განათლებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეგიონში მაღალი, დამატებითი ღირებულების მქონე საქმიანობების განვითარებას. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსებული ტექნოლოგიური ჰაბი იქნება რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ცენტრი.
სხვა სიახლეები
მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს, ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი | ლევან დარსალია
11.09.2026.21:57
„ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება. ამ პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის იქნება მიწოდებული ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის წარმოდგენილი იქნება მთის ინტერაქციული რუკები, სადაც პოტენციური დამსვენებელი შეძლებს ნახოს, თუ რომელი ტრასა და საბაგირო არის გახსნილი, რა სიგრძისა და სირთულისაა ტრასები - მიიღოს ყველანაირი დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, ე.წ ლაივკამერებით შეძლებს კურორტისთვის თვალყურის დევნებას. ეს ვებგვერდი უკვე მუშავდება და სეზონის დაწყებამდე სატესტო რეჟიმში გაეშვება“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.
მისივე თქმით, „ემ თი ეი“-მ წელს გუდაურში დამწყები მოთხილამურეებისთვის სასრიალო არეალის განვითარება გადაწყვიტა. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო - ჯამური სიგრძით 1 400 მეტრი - და 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა მონტაჟდება.
„ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენი ვიზიტორების 35-დან 40 პროცენტამდე დამწყებია და, შესაბამისად, არეალის მოწყობა გვინდა ზუსტად დამწყები მოთხილამურეებისთვის, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი მომხმარებლების ბაზის გასაზრდელად. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.
ლევან დარსალიას თქმით, „ემ თი ეი“ წელს ამატებს ონლაინ გადახდის ფუნქციას. ახალი პლატფორმების საშუალებით დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აბონემენტები მთის ტრასების სააგენტოს ვებ-გვერდიდან შეიძინონ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც და მისი მეშვეობით გვინდა, რომ მომავალი სეზონისთვის დავნერგოთ ციფრული აბონემენტის პროდუქტი. შესაბამისად, „ემ თი ეი“-ს ამ აპლიკაციის მეშვეობით დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება, სერვისები, რომლებიც ვებგვერდზეა, ბევრად უფრო მოხერხებულად გამოიყენოს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, არა მხოლოდ სერვისების გაუმჯობესებისთვის, არამედ ჩვენი საოპერაციო ეფექტურობის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.