ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.
პროექტის მიზანია ქალაქში შეიქმნას ახალი სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და ქუთაისის სტუმრები შეძლებენ დასვენებას, სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში და კულტურულ ღონისძიებებში ჩართვას.
პარკში დაგეგმილია მედიათეკის, ღია ამფითეატრის, სპორტული მოედნების, სავარჯიშო ზონების, ჭარაკის მაგიდების, საბავშვო გასართობი სივრცეებისა და კვების ობიექტების განთავსება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს რეკრეაციული სივრცეებისა და სანაპიროს კუნძულთან დამაკავშირებელი საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას.
პარკი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სარწყავი, განათებისა და უსაფრთხოების სისტემებით.
ახალი პარკის სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული ყველა ვიზიტორისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ქუთაისში, რიონის სანაპიროზე, ახალი პარკის მოწყობა ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რეგისტრაცია იწყება
24.04.2026.13:12
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ რეგისტრაციას აცხადებს.
პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების- მეტყევე-ტაქსატორების მომზადება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს და შეძლებენ საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.
სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული სწავლება გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კვირაში სამი დღის განმავლობაში. პრაქტიკული ნაწილი კი ჩატარდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში, 21 დღის განმავლობაში.
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საბოლოო შეფასებას და წარმატების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
პროგრამას ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ პროგრამაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მსურველთა გასაუბრება 8 მაისს გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესი 11 მაისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.
პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირას შეადგენს და მასზე სწავლა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.ge/
პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი და აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) წარდგენა.