ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ცხოვრების დონის გაუმჯობესება, აქედან გამომდინარე წლიდან წლამდე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება - დავით ნარმანია
ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმები, რომელიც ენერგეტიკის სექტორში მიმდინარეობს, მათ შორის განახლებადი მწვანე ენერგიის განვითარების ხელშეწყობის ნაწილში, რომლის ფარგლებშიც უკვე გამოჩნდა ახალ-ახალი ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც ეტაპობრივად იხსნება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, სულ ახლახან სემეკმა გასცა კასპის მუნიციპალიტეტში ქარის ახალ სადგურზე ლიცენზია და 18 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის ქარის სადგური შეემატა.
„შიდა ქართლში მიმდინარეობს უკვე და ძალიან მალე დასრულდება გაცილებით მძლავრი ქარის სადგური, რომელიც შემდეგ უკვე შემოვა ჩვენთან შესაბამისი სალიცენზიო განაცხადით და გავცემთ მათზე ლიცენზიას. მზის რამდენიმე სადგური შენდება აღნიშნულ პერიოდში. იგივე ნეტო აღრიცხვის სისტემაში, რომელიც ჩვენ სემეკში შევიმუშავეთ და მხარდაჭერის მექანიზმები მოქმედებდა რამდენიმე წლის განმავლობაში, ნახევარ მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის საკმაოდ ბევრი მიკროსადგური შეიქმნა და შევიდა ექსპლუატაციაში. აქედან გამომდინარე გაჩნდა ახალი დამატებითი მწვანე ენერგიის წყაროები, თუმცა ეს არის არასაკმარისი ჯერჯერობით იმიტომ, რომ ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ქვეყანაში გვაქვს ცხოვრების დონის გაუმჯობესება, აქედან გამომდინარე წლიდან წლამდე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ქვეყანაში იზრდება. საშუალოდ 7-8%-იანი, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში 3.5-4%-ით იზრდება ყოველწლიურად წინა წელთან შედარებით ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, როგორც კომერციულ სექტორში, რაც პირდაპირ ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება, ასევე საყოფაცხოვრებო სექტორში, რაც ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უკავშირდება.
ჩვენი პროგნოზით, ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება, რის გამოც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი, დამატებითი მწვანე ენერგიის ობიექტების შექმნა. საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში გატარებული და მიმდინარე ხელშეწყობის პოლიტიკა, ისევე როგორც დაგეგმილი რეფორმები, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
ქვეყანაში ექსპლუატაციაში შევა დამატებითი ჰიდრო, მზის და ქარის ელექტროსადგურები, რაც სავსებით რეალურს ხდის მთავრობის სტრატეგიულ გეგმას - რამდენიმე წელიწადში საქართველომ მიაღწიოს სრულ ენერგეტიკულ თვითკმარობას და იქცეს ნეტო-ექსპორტიორ ქვეყნად“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.
დავით ნარმანიას შეფასებით, საქართველო არა მხოლოდ მზარდ შიდა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, არამედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ამოქმედების დროისთვის ევროპაში გასატან ჭარბ მწვანე ენერგიასაც შექმნის. მისი თქმით, პროექტს ევროპის შესაბამისი სტრუქტურების მიერ ერთობლივი ინტერესის სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო მისი განხორციელება ქვეყანას ელექტროენერგიის ექსპორტიდან დამატებით შემოსავლებს მოუტანს.
„ძალიან აქტუალურია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის კვლევის შემდგომი ეტაპი მიმდინარეობს, შავი ზღვის შელფის დეტალური შესწავლა, კვლევა და სწორედ ეს პროექტიც როცა გაკეთდება თავის დროზე, ამ პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის დროისთვის უნდა არსებობდეს ქვეყანაში ნამეტი, ანუ ჭარბი მწვანე ენერგია, რომლის ევროპაში გატანის შესაძლებლობაც იქმნება და დამატებით გაჩნდება ქვეყანაში შემოსავლები ელექტროენერგიის ექსპორტიდან. მით უმეტეს პროექტი სიცოცხლისუნარიანია და ერთობლივი ინტერესის სტატუსი მიენიჭა მას ევროპის შესაბამისი სტრუქტურების მიერ და აღიარებულია ეს პროექტი, როგორც ერთობლივი ინტერესების მქონე პროექტი“, - აღნიშნა ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტები გრძელდება
07.09.2026.17:15
,,დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე საბავშვო ბაღების მშენებლობას მოიცავს. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბათუმში ახალ სასწავლო წელს, დაახლოებით, 2 500 მოსწავლე განახლებულ სასკოლო გარემოში გააგრძელებს სწავლას’’-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, აჭარაში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რამდენიმე პროექტი დასრულებულია, ნაწილზე კი სამუშაოები გრძელდება.
განახლებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი ბათუ გურჯიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შონია, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
ბათუმში სრულად განახლდა №4 და №5 საჯარო სკოლები, რომლებიც ჯამში 1 100 მოსწავლეზეა გათვლილი. ორივე სკოლაში მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და საერთო სივრცეები, განახლდა საინჟინრო სისტემები და მოწესრიგდა გარე ინფრასტრუქტურა. სკოლები სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
№5 საჯარო სკოლაში განახლდა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია, მოეწყო საფეხბურთო მინი მოედანი და სრულად შეიცვალა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. №4 საჯარო სკოლაში, სასწავლო სივრცეებთან ერთად, განახლდა სპორტული მოედანი და სკოლის ეზო, მოწესრიგდა საინჟინრო სისტემები და განხორციელდა შენობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების სამუშაოები.
ორივე სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ათეულობით ახალი სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება.
,,ასევე, დავათვალიერეთ თანამედროვე სტანდარტების და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი საბავშვო ბაღები, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი უკვე განახლებულ გარემოში გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს თანამედროვე და ხარისხიანი ინფრასტრუქტურით’’-განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბათუმში დასრულებულია №3, №12 და №26 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაც. სამი განახლებული ბაღი ჯამში 475 აღსაზრდელზეა გათვლილი.
საბავშვო ბაღებში სრულად განახლდა შიდა და გარე სივრცეები, მოეწყო სასწავლო, სათამაშო და მოსასვენებელი ოთახები, მოწესრიგდა საინჟინრო კომუნიკაციები, გათბობისა და უსაფრთხოების სისტემები, სველი წერტილები და სამზარეულო სივრცეები. განახლებული ბაღები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
ამასთან, ბათუმში გრძელდება №18 და №23 საბავშვო ბაღების სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. №18 ბაღი 250, ხოლო №23 ბაღი 300 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტები ითვალისწინებს არსებული შენობების გამაგრება-გაძლიერებას, შიდა და გარე სივრცეების სრულ განახლებას.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასულ კვირას აჭარაში ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისთვის ტენდერებიც გამოაცხადა. მათ შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის გონიოს დასახლებაში 200 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას ეტაპობრივად აგრძელებს. სამინისტროსთვის პრიორიტეტია როგორც მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად დასრულება, ისე ბავშვებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.