ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას. სწორედ ამ კონტექსტში, 13 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც საარჩევნო უბნების 1 500-მდე წევრმა და ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული კენჭისყრის ჩატარება წარმოადგენს თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრირების პრაქტიკაში ერთ-ერთ არსებით კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პროცესების ეფექტიანობას, ისე არჩევნების დღისთვის სრული მზაობის მიღწევას.
იმიტირებულ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას სიღნაღში პირადად გაეცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, იმიტირებული კენჭისყრის გამართვის მიზანი არამხოლოდ არჩევნებისადმი მზადყოფნის შემოწმება, არამედ საარჩევნო უბნებზე ტექნოლოგიური საშუალებების და ლოგისტიკური საკითხების რეალურ გარემოში პრაქტიკული შემოწმებაა. მისივე თქმით, ასეთი იმიტირებული კენჭისყრა ქმნის შესაძლებლობას, რომ კომისიის წევრებმა პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა, დაიხვეწოს მათი მოქმედების კოორდინაცია და გაუმჯობესდეს პროცესის მართვის უნარები.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით 207 ლოკაციაზე ჩაატარა იმიტირებული კენჭისყრა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრატორები და ტექნიკური პერსონალი მონაწილეობდნენ. იმიტირებული კენჭისყრის მიზანია არჩევნებამდე კიდევ ერთხელ ვნახოთ ტექნოლოგიური საშუალებების მზაობა, ლოგისტიკისა და ადმინისტრირების სხვა ასპექტები, მათ შორის ჩვენი სწავლების შედეგები - თუ როგორ იყენებენ საარჩევნო კომისიის წევრები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.
იმიტირებული კენჭისყრის მიმდინარეობას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და სპიკერი ნათია იოსელიანი გაეცნენ. შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გახსნილია 3 051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.