რა? სად? როდის? შემოდგომა-ზამთრის სერია იწყება
ბაზისბანკსა და ელიტარულ ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? შორის პარტნიორობა გრძელდება და ბანკი შემოდგომა-ზამთრის სერიაშიც ერთგულად დაიცავს ტელემაყურებელთა ინტერესებს.
11 ნოემბრიდან, ყოველ შაბათს, ქართული სატელევიზიო სივრცის ყველაზე აზარტული ინტელექტუალური შოუ, 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის სერიით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერს უბრუნდება.
შეკითხვის ავტორ ყველა გამარჯვებულ ტელემაყურებელს ბაზისბანკი ფულად პრიზს გადასცემს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სერიის ფინალი ტელემაყურებელთა გამარჯვებით დასრულდება, „ბროლის ბუ“ და 5,000 ლარი ბაზისბანკისგან, საუკეთესო შეკითხვის ავტორს გადაეცემა.
ინტელექტ-კლუბთან 11-წლიანი წარმატებული პარტნიორობის ფარგლებში, ბაზისბანკს ათასამდე გამარჯვებული ტელემაყურებელი ჰყავს დაჯილდოებული ფულადი პრიზებით.
„ელიტარული ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ქართულ სატელევიზიო სივრცეში და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 11 წელია ერთგულად ვიცავთ ტელემაყურებელთა ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, შემოდგომა-ზამთრის სერია ტრადიციულად საინტერესო, დაძაბულ და დაუვიწყარ თამაშებს შესთავაზებს ტელემაყურებელს.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.