რა უჯდება საქართველოს საერთაშორისო არტ-ფესტივალში მონაწილეობისათვის ნამუშევრების ტრანსპორტირება
საქართველო ოქტომბერში ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო არტ-ფესტივალში იღებს მონაწილეობას. შესყიდვების დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოდან 344 ნამუშევარი გაიგზავნება. ამ ნამუშევრების ტრანსპორტირებისთვის კი საქართველოს ეროვნული მუზეუმს თბილისი-ბრიუსელი-თბილისის ავიარეისი ესაჭიროება. ამიტომ მუზეუმი გამარტივებული შესყიდვის წესით კონტრაქტს გააფორმებს კომპანია Kunsttrans-თან.
„საგამოფენო ნამუშევრების უსაფრთხოდ ტრანსპორტირების მიზნით, შესწავლილ იქნა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებადი კომპანიები, მათ შორის, არარეზიდენტი კომპანია „Kunsttrans“-ი, რომელსაც ხანგრძლივი გამოცდილება აქვს აღნიშნულ სფეროში, ადგილობრივ ბაზარზე კი მსგავსი ტიპის გამოცდილების მქონე კომპანიების დეფიციტია“, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. ამ სამუშაოების განხორციელებისათვის კი Kunsttrans-ი 1 040 247 ევრო მიიღებს.
საერთაშორისო არტ-ფესტივალი ევროპალია ორ წელიწადში ერთხელ იმართება ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში და ევროპის წინაშე წარადგენს მასზე მიწვეული ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. 2023 წელს ევროპალიას ფესტივალი საქართველოს ეძღვნება და მისივე მხარდაჭერით ხორციელდება.
ევროპალიას საფესტივალო პროგრამაში ჩართული გამოფენა “საქართველო: შეხვედრების ადგილი “(Georgia: A Story of Encounters) გაიმართება ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმებში (Royal Museums of Art and History).
გამოფენა მუზეუმის 1500 კვ.მ. ფართობის სივრცეში დამთვალიერებელს წარუდგენს საქართველოს კულტურას ქართული ცივილიზაციის საწყისებიდან ახ.წ. XVIII საუკუნის მიწურულამდე.
ექსპოზიციაში ჩართულია სხვადახვა მედიუმში (ქვა, ხე, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და კერამიკული ნაკეთობანი, ქართული ხელნაწერები და სხვ. - 200 ექსპონატი) შესრულებული არტეფაქტები, რომელთა საშუალებით, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მიეცემა გაეცნოს საქართველოს, როგორც ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილს, რომელიც განსაზღვრავდა ქართული იდენტობის ფორმირების პროცესს.
საგამოფენო ექსპოზიციაში, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებიდან, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან და სახელმწიფო არქივიდან შერჩეული ექსპონატების გარდა, ჩართული იქნება უმნიშვნელოვანესი არტეფაქტები ისეთი საერთაშორისო კლასის ინსიტუტციებიდან, როგორებიცაა პარიზის ლუვრის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენის, ინსბრუკის მუზეუმი, ბერლინის, მიუნხენისა და ავსტრიის ბიბლიოთეკები და მათში დაცული ქართული ხელნაწერები.
გამოფენის „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ (Georgia: A Story of Encounters) მთავარი მიზანია ქართული კულტურისა და ისტორიის გლობალურ ისტორიულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში წარმოჩენა, რომელიც თავისი ფორმატითა და მასშტაბით, ქვეყნის პირველი ასეთი წარდგენა იქნება საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე თითქმის საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ. გამოფენა ერთგვარი გაგრძელებაა 20 საუკუნის 30-იან წლებში განხორციელებული პროექტისა, როდესაც პირველად მოხდა ქართული ქრისტიანული კულტურის (IV-XVIII საუკუნეები) წარდგენა დასავლეთ ევროპაში (ბერლნი, კიოლნი, ნიურბერგი, ვენა) რომლის კონცეფციის ავტორები იყვნენ ქართული სამეცნიერო ელიტის თვალსაჩინო წარმომადგენლები: გიორგი ჩუბინაშვილი და შალვა ნუცუბიძე.
დაგეგმილი გამოფენა წარმოაჩენს აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე აქცევდა დიდი იმპერიების ინტერესის სფეროში. ამავე დროს, მკაფიოდ აჩვენებს ქართული კულტურის ინტერაქციას აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებთან და ორი განსხვავებული კულტურული ორბიტის დამახასიათებელი სოციალური ურთიერთობების, პროგრესული ტექნიკური მიღწევების, სახელმწიფოებრივი სტრუქტურის და მხატვრული ენის აკუმულირების, ტრანსფორმირებისა და ადაპტაციის პროცესს ადგილობრივ კულტურულ და სოციალურ გარემოსთან; ქართული კულტურის მსგავსებასა და განსხვავებას მედიტერანულ არეალში შემავალ სხვა კულტურებთან. შესაბამისად მაღალია აღნიშნული ღონისძიების სახელმწიფოებრივი როლი.
2023 წლის ევროპალიის გამოფენის პარტნიორი საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად არის სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაევალა ევროპალიის გამოფენაზე საქართველოს კულტურის წარმოჩენის მიზნით შერჩეული ექსპონატების რესტავრირება, მოჩარჩოება და უსაფრთხო ტრანსპორტირება. ექსპონატების შერჩევა მიმდინარეობდა ევროპალიის ადგილობრივი მენეჯმენტთან შეთანხმებით, (რამაც გასტანა თვეები), ამჟამად შერჩეულია ყველა ნამუშევარი, მიმდინარეობს მათი რესტავრაცია. ტრანსპორტირება დაგეგმილია 5 ოქტომბერს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.