რაჭაში რთველი დაიწყო
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 1500-2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 40-ზე მეტი კომპანია იქნება ჩართული.
"რაჭა უნიკალური რეგიონია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, სადაც მზადდება ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“. რთველი 2023-ის მხარდასაჭერად, კერძოდ, რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებისა და მოსავლის სრულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.
ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.
რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.