რამ გამოიწვია შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტი - PMCG-ის შეფასება
PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერის“ მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.1%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებლები კი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
ამასთან, 2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.1%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.8 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
PMC-ის კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი შოთა მაჭარაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ეს მაჩვენებლები შრომის ბაზრის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს, თუმცა ამბობს, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში შრომის ბაზრის სტრუქტურა შეიცვალა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე კადრების დეფიციტი გააჩინა.
„კოვიდპანდემიის პერიოდში 2020 წელს როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში შრომის ბაზრის სტრუქტურა შეიცვალა. რაც იმაში გამოიხატა, რომ ადამიანები კარანტინის გამო დასაქმდნენ მომიჯნავე სექტორებში.
მაგალითად, ჰორეკა ან მომსახურების სფეროში დასაქმებულები და გადავიდნენ ისეთ სექტორებში, სადაც მომხმარებელთან უშუალო კონტაქტი არ იყო საჭირო. კერძოდ, IT სექტორში. ამან გამოიწვია სექტორული ცვლილებები საქართველოს შრომის ბაზარზე და ეს ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდა.
სწორედ ამიტომ შრომის ბაზარი გახდა ნაკლებად ეფექტიანი, რადგან დამსაქმებლებს უჭირდათ შესაბამისი კადრების მოზიდვა და დასაქმება. ამიტომ 2022 და 2023 წელსაც საკმაოდ პრობლემური გახდა შრომის ბაზრის ეფექტიანობასთან დაკავშირებული საკითხები“, - ამბობს PMC-ის კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი.
კერძოდ, ბევერიჯის მრუდის თანახმად ბიზნესსექტორისთვის კვლავ გამოწვევაა სპეციალისტების ნაკლებობა და მუშა-ხელის სიმცირე, რაც სწორედ ამ სექტორული ცვლილებებით იყო გამოწვეული.
თუმცა, საქართველოს შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტზე გავლენა ადამიანების მომიჯნავე სექტორებში გადასვლის გარდა გავლენა ჰონდა მიგრაციასაც.
„შესაბამისად ეს ფაქტორები შემსუბუქდა 2023 წლის მეორე კვარტალში. რაც გამოხატული იყო ვაკანსიების გამოცხადების რაოდენობისა და უმუშევრობის დონის შემცირებაში და შესაბამისად შრომის ბაზრის ეფექტიანობა თანდათან უახლოვდება 2019 წლის მეოთხე კვარტლისკენ არსებული ვითარებას“, - ამბობს შოთა მაჭარაშვილი.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.
იგივე თემაზე:
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.