რამდენი ბავშვი დაიბადა 2022 წელს
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42 319 ბავშვი შეადგინა, მათ შორის დაიბადა 21 897 ბიჭი და 20 422 გოგო. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 7.9 პროცენტით.
ბოლო წლების განმავლობაში, შობადობის ზოგადი კოეფიციენტი (ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა მოსახლეობის 1 000 კაცზე) კლების ტენდენციით ხასიათდება და 2022 წელს 11.4 პრომილე შეადგინა. რაც შეეხება შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტს, აღნიშნული კოეფიციენტიც შემცირდა და ერთი ქალის მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობა 1.8 ბავშვით განისაზღვრა.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა დაბადებისას შეადგენს 107.2-ს. მათ შორის, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სამცხეჯავახეთის (119.7), კახეთის (112.9) და ქვემო ქართლის (108.3) რეგიონებში.
როგორც საქსტატში განმარტავენ, 2012 წელთან შედარებით, შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტები 20 წლამდე და 20-24 წლის ასაკის ქალებისათვის შემცირდა. 2022 წელს საქართველოში 20 წლამდე ასაკის 1 000 ქალის მიერ ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობამ შეადგინა 21.9, ხოლო 20-24 წლის ასაკის ქალებისათვის – 90.2. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა.
დედის საშუალო ასაკმა პირველი ბავშვის დაბადებისას 2012 წელს 24.2 წელი შეადგინა, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 26.4 წლამდე გაიზარდა. დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, 46.2 პროცენტიდან 39.1 პროცენტამდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 15.7 პროცენტიდან 26.6 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთან, მეორე რიგითობის შვილის წილი 4.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
022 წელს არარეგისტრირებულ ქორწინებაში 16 512 ბავშვი დაიბადა, რაც ცოცხლად დაბადებულების 39.0 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული ქორწინების გარეშე შობადობის რეგისტრაციის სტატუსი ორი სახის არის: დაბადებულები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ა) მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბ) მხოლოდ დედის განცხადებით. ქორწინების გარეშე მხოლოდ დედის განცხადებით რეგისტრირებული დაბადებულების წილი 2022 წელს შეადგენს 12.1 პროცენტს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.